ლეგიონერები

 2019/16/01 17:29

ლეგიონერები
გოგა ბითაძე: დანებებას არ ვაპირებთ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

გოგა ბითაძე ბუდუჩნოსტს დეკემბრის ბოლოსკენ შეუერთდა და ევროლიგაში სადებიუტო შეხვედრაც გამართა. მას პირველი ქულის ასაღებად, მხოლოდ 18 წამი დასჭირდა და თავისი არანორმალური ბლოკებითა და სათამაშო მანერით, ყველა გააოცა.

ამჟამად, 4 ჩატარებული მატჩის შემდეგ, საშუალოდ, 14.8 ქულა, 6.8 მოხსნა და 3.3 ბლოკი აქვს. ასეთი სვლით გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, ბლოკების მხრივ, გათამაშების საუკეთესო მოთამაშეც გახდეს.

მის წარმატებულ გამოსვლას გვერდი ვერც ევროლიგის საიტმა აუარა და ჩვენებურთან ინტერვიუ ჩაწერა:

გასულ კვირას, ევროლიგაში პირველი საშინაო შეხვედრა გამართეთ და რთული შეხვედრა მოიგეთ. როგორი შეგრძნება დაგეუფლათ?

– საკუთარი მაყურებლის თვალწინ თამაში დიდი გამოცდილებაა. ამას მოუთმენლად ველოდი. ისინი ენერგიას გვმატებენ. შესაძლოა, დარუშაფაკა გათამაშებაში ბოლო ადგილზეა, მაგრამ შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს. ასეთ ატმოსფეროში თამაშით დიდი გამოცდილება მივიღე. ეს გამარჯვება გიჟური იყო, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

როგორც 19 წლის დებიუტანტი, რა მოლოდინი გქონდათ და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ევროლიგაში თამაშით? 

– ვიცოდი, რომ რთული ჩემპიონატია, რადგან ბავშვობიდან ვუყურებდი. ისინი ათლეტურები არიან და ადრეატიკის ლიგისგან განსხვავებით, უფრო ფიზიკური თამაში მიმდინარეობს. ევროლიგა მეტად კონტაქტურია, რაც ძალიან მომწონს, რადგან უფრო თავისუფლად და სწრაფად შეგიძლია ითამაშო. სწორედ ესაა ჩემი შთაბეჭდილება. აქ თამაშით ვამაყობ. გასული ორი წლის განმავლობაში, შანსი მომეცა, რომ ოთხთა ფინალისთვის მეყურებინა, რაც შეუდარებელია. გიჟური ატმოსფერო, მანამდე რომ არასდროს მინახავს. ჩემი სურვილი, სწორედ ოთხთა ფინალში თამაშია.

ევროლიგური კარიერა განსაკუთრებულად დაიწყეთ. ფანების უმრავლესობა გაოცებულია, ზოგი კი თქვენგან ნაკლებს მოელოდა. როგორ ადაპტირდით ასე სწრაფად?

– არ ვიცი, ჩემგან ვინ რას მოელოდა, მაგრამ ზეწოლას არ ვგრძნობ. მხოლოდ ჩემს თამაშს ვთამაშობ. როგორც სხვა შეხვედრებში, ვცდილობ, 100%-ით დავიხარჯო. მსურს, თამაშის შემდეგ სარკეში ჩახედვისას, ვთქვა, რომ რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. სიმართლე გითხრათ, ასეთ დაწყებას არც მე მოველოდი. არ მსურს იმის თქმა, რომ კარგად ვითამაშე. არ მოველოდი ამ ყველაფერს, მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვარ.

მიუნხენში, პირველ შეხვედრაში სადებიუტო ქულის ასაღებად, 18 წამი დაგჭირდათ. საბოლოოდ, 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 ბლოკი მოაგროვეთ. რისი წყალობით მოხდა ეს ყველაფერი?

– ეს მხოლოდ თამაშის წაკითხვა იყო. სხვადასხვა ფაქტმა მოტივაცია მომცა, რითაც პარკეტზე 100%-ით დავიხარჯე. ვფიქრობ, შრომა დამიფასდა. ყოფილ კლუბში, მეგა ბიმაქსში, ბევრს ვვარჯიშობდი. ზაფხულის შემდეგ, კუნთოვანი მასა მომემატა და უფრო სწრაფი გავხდი. ამასთან, ეს ყველაფერი თანაგუნდელების დამსახურებაცაა, რომელთა გარეშეც ვერაფერს შევძლებდი.

– შუა სეზონში გუნდის გამოცვლა ვეტერანებისთვისაც არ არის მარტივი, რომ არაფერი ვთქვათ ახალგაზრდებზე. რა დაგეხმარათ უმტკივნეულოდ გადასვლაში?

– ვფიქრობ, მიზეზი ჩემი თანაგუნდელები გახლავთ. ბუდუჩნოსტი კარგი გუნდია, მაგრამ ეს სიტუაცია მარტივი მაინც არ იყო, განსაკუთრებით, საწყისი დღეები. რთულია, როდესაც ახალ გარემოს უნდა შეეგუო. ამაში კი, თანაგუნდელები და მწვრთნელი დამეხმარნენ. ჩემი სურვილია, რომ ეს საქმე ვაკეთო – ვითამაშო კალათბურთი.

ნორის კოულთან ერთად გადახვედით, ვინც გასულ კვირას გამარჯვების ქულა ჩააგდო. რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამოცდილება თქვენთვისა და გუნდისთვის?

– ნორისი ორგზის NBA-ის ჩემპიონი – ამით ყველაფერია ნათქვამი. მას დიდი გამოცდილება აქვს. ამასთან, დიდებული ადამიანი და თანაგუნდელია. ჩემთვის მასთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრიც მასწავლა. სურს, ყველამ საკუთარი საქმე გააკეთოს. უკვე გვაჩვენა, რომ ბევრის გაკეთება შეუძლია. ნორისი პროფესიონალი და შესანიშნავი მოთამაშეა.

თორნიკე შენგელიას მსგავსად, ევროლიგაში ისეთ ქართველებს უთამაშიათ, როგორებიც ვლადიმერ ბოისა, მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი არიან. თქვენთვის რას ნიშნავს მათ ნაკვალევზე სიარული?

– ეს გასაოცარია. მათი თამაშების ყურებით გავიზარდე. ვცდილობდი, მათთვის მიმებაძა. მათ ნაკვალევზე სიარული სასიამოვნოა, რადგან ამჟამად, მეგობრები და ეროვნულ გუნდში თანაგუნდელები ვართ. როდესაც ბუდუჩნოსტში გადმოვედი, სოციალურ ქსელში მათგან თანადგომა ვიგრძენი. სასიამოვნოა, ასეთი მაღალი დონის მოთამაშეებს შენი რომ სჯერათ. როგორც შეუძლიათ, ყველანაირად მეხმარებიან. ეროვნული გუნდისთვის ყველაფერი გააკეთეს და ქართული კალათბურთი მსოფლიოს გააცნეს. ამჟამად, თორნიკე ნამდვილი მკვლელია, ხოლო შერმადინმა ევროლიგა ორჯერ მოიგო. სადაც უთამაშია, ყველა გუნდს ბოლომდე ეხმარებოდა. მარკოიშვილი დიდებული პიროვნება და თანაგუნდელია, ბოისა კი, ფედერაციაშია და ისეთი ადამიანია, ვისთანაც დარეკვა ყოველთვის შემიძლია. მათ ჩემი ოჯახის წევრებად მივიჩნევ.

სახლი 16 წლის ასაკში დატოვეთ, რათა სერბეთში ოცნება აგესრულებინათ. რა გზების გავლა მოგიწიათ, რომ ის ყოფილიყავით, რაც ახლა ხართ?

– რამდენიმე თვე ძალიან რთული იყო. იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან ოჯახსა და მეგობრებს მოვშორდი. რთული იყო, მაგრამ ნელ-ნელა შევეგუე. ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ წარმატების მისაღწევად, რამე უნდა დათმო. ამასთან, მეგა ბიმაქსმა დიდი როლი ითამაშა. საქართველოდან ჩამოვიდა ბიჭი, ვინც ფარქვეშ თამაში არ იცოდა და მხოლოდ სამიანებს ისროდა. ახლა კი ვგრძნობ, რომ მათ ჩემთვის დიდი სამუშაო გასწიეს და ყველაფერში დამეხმარნენ. აქ გავიზარდე, ჩამოვედი როგორც ბავშვი და უკვე დიდი ადამიანი ვარ.

შემდეგში, ბუდუჩნოსტი მადრიდის რეალს მიიღებს. როგორი შეგრძნებაა თქვენთვის. როგორი ატმოსფერო იქნება პოდგორიცაში მოქმედი ჩემპიონის ჩამოსვლისას?

– ეს გიჟური თამაში იქნება, როგორც სხვა შეხვედრები. ამაზეც უნდა ვფოკუსირდეთ. ვიცით, რომ რეალი მაღალი დონის კლუბია. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ პოდგორიცაში ატმოსფერო განსხვავებულია და ასეთ გიჟურ ატმოსფეროში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თანაგუნდელები იმით ამაყობენ, რომ ცსკა, ბარსელონა და ბასკონია დაამარცხეს. ამასთან, ჩემთვის შესანიშნავი შეგრძნება იქნება. გასულ წელს, ბელგრადში ოთხთა ფინალს მაყურებლის როლში ვადევნებდი თვალს და ვერ ვიფიქრებდი, რომ მათ წინააღმდეგ თამაში შემეძლებოდა. ახლა ეს შანსი უნდა გამოვიყენო და საამისოდ 100%-ით მოვემზადები.

სეზონის ბოლოს რას უნდა მოველოდოთ ბუდუჩნოსტისგან?

– ცხრილში ჩვენი პოზიციის მიუხედავად, ყველას ვაჩვენეთ, რა შეგვიძლია. ბევრი ახალი მოთამაშე და მწვრთნელი გვყავს. მათთან თამაშით უფრო მეტს ვსწავლობ. თუმცა, ყველას წინააღმდეგ თამაში შეგვიძლია. ბაიერნთან და მაკაბისთან თამაშის მოგება შეგვეძლო, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია. ბევრი თამაშია დარჩენილი, ყველას ვაჩვენებთ, რომ დანებებას არ ვაპირებთ და შეძლებისდაგვარად, ყველას დავამარცხებთ.


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები