ლეგიონერები

 2019/05/01 22:39

ლეგიონერები
გიორგი მერებაშვილი: ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრების წევრი ვარ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

2018 წელი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდისათვის წარმატებული იყო. ხანგრძლივი წარუმატებლობისა და არცთუ სახარბიელო მდგომარეობის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონი საუკეთესო მაჩვენებლით, პირველ ადგილზე დაასრულა და C დივიზიონში დაწინაურებასთან ერთად, ვლადიმირ ვაისის გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს. 

რამ განაპირობა  გუნდის  წარმატება და რაზე აქვს  ნაკრებს მომავალში სამუშაო? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, Sport24 საქართველოს ნაკრებისა და პოლონური პლოცკის ვისლას შემტევს, გიორგი მერებაშვილს ესაუბრა. 

 – 2018 წლის შეჯამებით დავიწყოთ. გასულ წელს, საქართველოს ნაკრებთან ერთად, ერთა ლიგის D დივიზიონი საუკეთესო მაჩვენებლით, პირველ ადგილზე დაასრულეთ და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი გაქვთ. თავად როგორ შეაფასებთ აღნიშნულ ტურნირს და მასზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას? 

– გულშემატკივარს, ვინც ჩემს თამაშს თვალს ადევნებს, ემახსოვრება, სეზონის სტარტზე ძალიან მძიმე ტრავმა მქონდა და იძულებული ვიყავი, სამი თვით ჩამოვშორებოდი ფეხბურთს. საბედნიეროდ, მალევე მოვახერხე მომჯობინება და ფიზიკური კონდიციების აღდგენა. მთავარი კი, რასაკვირველია, საქართველოს ნაკრების წარმატება იყო. ეს გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან გულშემატკივარი ჩვენგან მხოლოდ ამას მოელოდა, მაგრამ ორმაგად გასახარი იყო ნაკრების თამაშის ხარისხი – ლამაზი, შემტევი სტილის ფეხბურთი, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს ყველას. ვფიქრობ, ამ ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს და  გვაქვს შესაძლებლობა, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვითამაშოთ, რასაც ამდენი ხანი ელოდება ქართველი ერი. მიხარია და ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ! 

 შედეგზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრებმა ირწმუნა, შეუძლია, დომინანტი იყოს თავისი დონის გუნდებთან, შემტევი სტილის ფეხბურთი ითამაშოს  და გამარჯვებაც მოიპოვოს.  აქამდე რა გვიშლიდა ხელს, რა შეიცვალა გუნდში ერთა ლიგის წინ? 

–  ჩვენთვის ერთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. სწორედ ამ ტურნირის და ფორმატის წყალობით, საშუალება მოგვეცა გაგვეგო, რა დონეზეა დღეს საქართველოს ნაკრები, რომ შეგვიძლია შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთის თამაში. ასევე, მოგვეცა ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე თამაშის შანსი და რაც მთავარია, ამ ტურნირზე ნაჩვენებმა თამაშმა ჩვენი შესაძლებლობების მეტი რწმენა შეგვმატა.  ბიჭები თავს ნამდვილად არ დავზოგავთ. 

მიუხედავად ერთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგისა, გულშემატკივართა ნაწილი მაინც კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოს ნაკრების მიმართ. ისინი მიიჩნევენ, რომ ყაზახეთთან, ლატვიასთან და ანდორასთან ნაჩვენები შედეგით, ჩვენი ნაკრების ძალა არ უნდა გაიზომოს და მთავარი ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე ნაჩვენები შედეგი იქნება... 

– ყოველთვის ყველა ვერ იქნება კმაყოფილი. გულშემატკივართა ნაწილს მუდმივად უკმაყოფილების განცდა აქვს და მაქსიმუმს მოითხოვს საქართველოს ნაკრებისგან. ასევე ვართ ფეხბურთელებიც და ეს სრულიად ჩვეულებრივია.  

–  ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირი მარტში აიღებს სტარტს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები შვეიცარიის, დანიის, ირლანდიის და გიბრალტარის ეროვნული გუნდები იქნებიან.  ერთი შეხედვით, გრანდი არც ერთია, მაგრამ მაინც ძალიან მძიმე ჯგუფია. როგორ შეაფასებთ თითოეულ მეტოქეს და აღნიშნულ ჯგუფში ჩვენი გუნდის შანსებზე რას გვეტყვით? 

–  ჩვენი მიზანი და დიდი სურვილია, არ დაველოდოთ ერთა ლიგის მატჩებს 2020 წელს და ამ ჯგუფიდანვე მოვახერხოთ ევრო 2020-ის საგზურის მოპოვება. მართალია, გრანდი არც ერთია, მაგრამ  ვფიქრობ, შვეიცარიის ნაკრები არავის ჩამოუვარდება. მან ბელგიის ნაკრები, რომელიც, ამჯერად, მსოფლიო რეიტინგის ლიდერია, ჯგუფში ჩატოვა. ამასთან, დანიის ნაკრები ძალიან განსწავლული ევროპული გუნდია, ირლანდია კი, ჩვენთვის ძალიან უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. თუმცა, ჩემი აზრით, შეგვწევს ძალა, აქაც ვიბრძოლოთ, მით უფრო, „დინამო არენაზე“ თამაში არც ერთი გუნდისთვის იქნება მარტივი. მთავარია, ვირწმუნოთ ჩვენი ძალების და იმ გულშემატკივრებსაც დავუმტკიცოთ, რომ ერთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგი შემთხვევითობა არ ყოფილა და ქართველებსაც შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. 

თქვენს საკლუბო კარიერაზეც გკითხავთ. მიმდინარე სეზონში პლოცკი არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება. რა არის გუნდის ასეთი თამაშის მიზეზი და რა იქნება წელს პლოცკისთვის მთავარი მიზანი? 

  გეთანხმებით, სეზონი ძალიან ცუდად დავიწყეთ. ამის მიზეზი სეზონის სტარტზე გუნდში მომხდარი ცვლილებები იყო. ორი წამყვანი ფეხბურთელი და სრული სამწვრთნელო შტაბი წავიდა გუნდიდან. ცუდი შედეგების გამო, სეზონის შუაშიც შეიცვალა მწვრთნელი, რაც გუნდის თამაშზე და შედეგებზეც მოქმედებს. მთავარი მიზანი უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება და საუკეთესო შემთხვევაში, ფლეი-ოფის ზონაში მოხვედრაა. 

–  ბოლო პერიოდში, კლუბის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად იქეცით და მნიშვნელოვანი გოლებიც გაიტანეთ. რამდენად კმაყოფილები არიან გუნდში თქვენით? 

 როგორც ზემოთ აღვნიშნე, ტრავმის გამო, სეზონი მძიმედ დავიწყე. შეკრებაც ზედაპირულად გავიარე და საწყის მატჩებში ძალიან მცირე სათამაშო დრო მეძლეოდა, მაგრამ ნელ-ნელა მოვმჯობინდი, გუნდის ძირითადის ფეხბურთელად ვიქეცი და გოლებიც გავიტანე. 

  დაბოლოს, სამომავლო გეგმებზეც გკითხავთ. კიდევ რამდენი ხნით აპირებთ პლოცკში დარჩენას და თუ არის სხვა გუნდებიდან შემოთავაზებები? 

–  გუნდთან კიდევ ექვსი თვე მაქვს კონტრაქტი. შემომთავაზეს ორი წლით გამეგრძელებინა, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ გადაწყვეტილების მიღებას, რადგან არის სხვა შემოთავაზებებიც, როგორც პოლონეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან და ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები