ლეგიონერები

 2019/04/02 23:47

ლეგიონერები
გიორგი მჭედლიშვილი: საკუთარი თავისგან ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საფეხბურთო კლუბი გორიცა ხორვატიის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში გასულ სეზონში აღზევდა და დებიუტანტი გუნდის კვალობაზე, საკმაოდ კარგადაც გამოიყურება. 19 ტურის შემდეგ, გორიცას 30 ქულა აქვს. სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება და ევროპა ლიგაზე გასვლის რეალური შანსიც აქვს. ამ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი მჭედლიშვილი გახლავთ. 27 წლის ქართველი სპორტსმენი გორიცას 2018 წელს სამტრედიადან შეუერთდა და გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრადაც იქცა. 

Sport24 გიორგის ხორვატიაში დაუკავშირდა და გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. 

 გიორგი, ბოლო პერიოდში, ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქეცით და მოედანზეც ერთ-ერთი გამორჩეული ხართ. რას იტყვით თქვენს ამჟამინდელ ფორმაზე და გუნდში რამდენად კმაყოფილები არიან თქვენით? 

 ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის. საბედნიეროდ, ტრავმა არ მაწუხებს. კარგ ფორმაში ვარ და სათამაშო დროც მეძლევა. ყოველი თამაშის წინ მობილიზებული გავდივარ მოედანზე. ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო და ჩემი თამაშით გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. 

გუნდშიც კმაყოფილები არიან, მაგრამ ძალიან მაქსიმალისტი ვარ და საკუთარი თავისგან ყოველთვის მეტს ვითხოვ. 

გორიცა უმაღლეს დივიზიონში პირველ სეზონს ატარებს და საკმაოდ ნორმალურადაც ასპარეზობს.  19 ტურის შემდეგ, გუნდი მეხუთე ადგილზეა და ევროპა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის. რამდენად მოსალოდნელი იყო, რომ ნახევარი სეზონის შემდეგ, გუნდი ხუთეულში იქნებოდა? 

–  ახალი გადმოსული გუნდისთვის მეხუთე ადგილი ნამდვილად კარგი შედეგია. სეზონის სტარტზე მთავარი მიზანი უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება იყო და ეს შედეგი, რა თქმა უნდა, მოულოდნელია. თუმცა, ვფიქრობ, გორიცა კარგი ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბისგან შემდგარი კოლექტივია, რომლებმაც იციან გუნდური მუშაობა და  საერთო მიზნისკენ სწრაფვა. 

ევრო სარბიელზე გასვლის შანსებს ამ დრომდე ვინარჩუნებთ, მაგრამ ჯერ ბევრი თამაშია წინ და ეს ძალიან რთული იქნება. 

   თავიდან ჩემპიონატი არცთუ დამაჯერებლად დაიწყეთ, მაგრამ შემდგომ ყველაფერი დალაგდა. როგორ ფიქრობთ, რა იყო გუნდის ასეთი ნაკლებად დამაჯერებელი სტარტის მიზეზი? 

 გეთანხმებით, სეზონი მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ ეს  მოულოდნელი არ ყოფილა. უმაღლესი დივიზიონის დებიუტანტები ვიყავით და ეს ლოგიკური იყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გამოსწორდა და შედეგთან ერთად, თამაშის ხარისხსაც მოვუმატეთ. 

  ახლა, თქვენს სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ. სხვა კლუბები ხომ არ ინტერესდებიან? 

– გორიცასთან კონტრაქტი  მაისში მეწურება. არის ვარიანტები, მაგრამ რეალური ჯერ არაფერია. ზაფხულში გადაწყდება ყველაფერი. 

 ხორვატული ფეხბურთი, მათ შორის საკლუბო,  განვითარების ახალ ეტაპზეა და შეიძლება ითქვას, ევროპაში ერთ-ერთი მოწინავეცაა. თქვენი აზრით, რა განსხვავებაა ქართულ და ხორვატულ საკლუბო ფეხბურთს შორის? 

–  ხორვატიის ჩემპიონატი ძალიან კარგი ჩემპიონატია. ვფიქრობ, ევროპაში ერთ-ერთი მოწინავეც. ინფრასტრუქტურა ყველა გუნდს მოწესრიგებული აქვს და ყველაფერი დალაგებულია. საქართველოში, როგორც ვიცი, ინფრასტრუქტურის მხრივ, სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს. ჩემი აზრით, ეროვნულ ლიგას ბევრი არ აკლია ამ დონემდე მისასვლელად. 

  საქართველოს ნაკრების შესახებაც გკითხავთ. გუნდმა ერთა ლიგა მაღალ დონეზე ჩაატარა და ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავა. თქვენ როგორ შეაფასებთ ნაკრების გამოსვლას და მის შანსებს ევრო შესარჩევის ჯგუფურ ეტაპზე? 

– მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებმა ლამაზი, შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი აჩვენა. გულშემატკივარს იმედი მიეცა და ყველამ დაინახა, რომ საქართველოს ნაკრებს დომინანტი ფეხბურთის თამაში შეუძლია.  

ევრო შესარჩევის ჯგუფურ ეტაპზე ძალიან რთული მეტოქეები გვყავს, მაგრამ ვფიქრობ, შეგვიძლია წარმატების მიღწევა. 

– ოლოს, საქართველოს ნაკრებში მარჯვენა მცველის პოზიცია პრობლემატურია. მით უმეტეს, ოთარ კაკაბაძის ტრავმის ფონზე. უახლოეს მომავალში, ხომ არ უნდა ველოდოთ თქვენს გამოცდას საქართველოს ნაკრებში? ხომ არ გქონიათ კომუნიკაცია ამ თემაზე ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან? 

–  საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს და  გამონაკლისი არც მე ვარ. ჯერჯერობით, ამ მხრივ, არაფერია ახალი. ვიტყვი, რომ თუ შანსი მომეცემა, მაქსიმალურად ვეცდები მის გამოყენებას.   

 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები