ლეგიონერები

 2019/04/06 16:08

ლეგიონერები
გიორგი მჭედლიშვილი: მადლობა გორიცას, მაგრამ ახალი გამოწვევების დროა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი მჭედლიშვილმა, ხორვატიული გორიცა დატოვა და თავისუფალი აგენტია. ქართველმა ფეხბურთელმა  გუნდში  2 სეზონი ჩაატარა და გუნდთან ერთად, ხორვატიის მეორე დივიზიონის გამარჯვებულიც გახდა. მიმდინარე სეზონში კი, ხორვატიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში გორიცა მე-5 ადგილს დასჯერდა და ძალიან ცოტა დააკლდა ევროსარბიელზე გასასვლელად. ქართველი მარჯვენა მცველი თავიდანვე გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად იქცა და საკმაოდ კარგი მატჩებიც ჰქონდა. საერთო ჯამში, გიორგიმ გორიცას მაისური  32 შეხვედრაში მოირგო და 2 გოლი გაიტანა. 

Sport24 გიორგის დაუკავშირდა და მას კლუბის დატოვების მიზეზებსა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. 

 გიორგი, ქართულ მედიაში გავრცელდა ხმები, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, გორიცა დატოვეთ და თავისუფალი აგენტი ხართ. რა იყო თქვენი კლუბიდან წამოსვლის მიზეზი? 

– კლუბთან მოქმედი კონტრაქტი დამიმთავრდა და  გაგრძელება აღარ გადავწყვიტე. ვფიქრობ, ჩემს კარიერაში ახალი გამოწვევების დროა. კლუბს ნამდვილად წარმატებული სეზონი ჰქონდა და ბედნიერი ვარ, რომ გუნდის წარმატებაში მეც შევიტანე წვლილი. უმაღლეს ლიგაში დებიუტანტი გუნდის კვალობაზე, ძალიან კარგად ვიასპარეზეთ, მეხუთე ადგილზე გავედით და ძალიან ცოტა დაგვაკლდა ევროსარბიელზე გასასვლელად. მეც საკმაოდ ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი დამიგროვდა გორიცას მაისურით. მინდა, ამ კლუბის თითოეულ წევრს დიდი მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის. 

უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში ახლად აღზევებული გუნდის კვალობაზე, გორიცამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო ევროტურნირებზე მოხვედრა. ამანაც ხომ არ იქონია გავლენა ფაქტზე, რომ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელება არ ისურვეთ? 

– რა თქმა უნდა, ეს არ იყო მიზეზი. ამ გუნდთან ერთად, ხორვატიის მეორე ლიგის გამარჯვებული გავხდი, უმაღლეს დივიზიონშიც კარგი მატჩები ჩავატარე. რაც მთავარი იყო ჩემთვის, გუნდში მენდობოდნენ. მეც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე გორიცაში თამაშით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს.

– ბოლოს, თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ გკითხავთ. თუ გაქვთ კონკრეტული გუნდებიდან შემოთავაზებები, სად აპირებთ კარიერის გაგრძელებას და ხომ არ ფიქრობთ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებას? 

 რამდენიმე გუნდია ჩემი გადაბირებით დაინტერესებული, მაგრამ ამ ეტაპზე, გადაწყვეტილი არაფერია. ერთს ვიტყვი, რომ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებას არ ვაპირებ. მსურს, კვლავ ევროპაში მოვსინჯო ძალები. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები