ლეგიონერები

 2018/14/05 14:34

ლეგიონერები
გიორგი მჭედლიშვილი: ბევრ ქართველს შეუძლია ხორვატიაში მაღალ დონეზე თამაში!
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მჭედლიშვილის გორიცამ, ხორვატიის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის 32-ე ტურში, შიბენკისთან  1-1 ითამაშა. გორიცას უკვე განაღდებული აქვს პირველი ადგილი და მომავალ სეზონში, ქართველი ლეგიონერის გუნდი, ხორვატიის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს. 

sport24 გიორგის დაუკავშირდა და მას განვლილი სეზონისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

 – პირველ ყოვლისა, გილოცავთ ჩემპიონობას და ხორვატიის უმაღლეს დივიზიონში გადასვლას. როგორ შეაფასებთ განვლილ სეზონს?

 დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი წარმატება გაუხარდა... სეზონი, რა თქმა უნდა, წარმატებულად უნდა შეფასდეს. მეორე ლიგაში პირველი ადგილი დავიკავეთ და ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში, ჩემპიონის სტატუსით გადავედით. მეც რამდენიმე მატჩში მივიღე მონაწილეობა და პირადად ჩემთვისაც, საკმაოდ კარგი სეზონი გამოვიდა.

– გორიცაში ზამთარში გადახვედით. რამდენად ადვილად გაიარეთ ადაპტაციის პროცესი ახალ ქვეყანასთან და კლუბთან?

 დიახ, გორიცას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შევუერთდი. ადაპტაციის პროცესი არ გამჭირვებია. ხორვატები ძალიან მეგობრული ხალხია. ენაც არ არის რთული, რუსულსაც წააგავს. თვითონ გუნდში ძალიან მეგობრული ატმოსფეროა და ამისთვის  კლუბში მომუშავე თითოეულ ადამიანს ვუხდი მადლობას.

ბოლო რამდენიმე ტური ტრავმის გამო გამოტოვე. რამდენად სერიოზულია ტრავმა და როდის დაუბრუნდები მოედანს?

– მცირე ტრავმა მქონდა და ამიტომ სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რამდენიმე თამაში დამესვენა. სამი მატჩი გამოვტოვე. მომდევნო შეხვედრაში კი ზაგრების დინამოს წინააღმდეგ ვითამაშებ.

– როგორია თქვენი გეგმები, მომდევნო სეზონსაც გორიცაში გაატარებთ?

– გორიცასთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და მომავალ სეზონშიც ამ კლუბის შემადგენლობაში ვითამაშებ, ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში. დანარჩენს უკვე მომავალი გვიჩვენებს.

– გექნებათ შანსი, ხორვატიის უმაღლესი ლიგიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვდეთ?

 ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და მე გამიჭირდება პასუხის გაცემა. მხოლოდ, იმას ვიტყვი, რომ ხორვატიის უმაღლესი ლიგა ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატია. 5 ისეთი გუნდია, რომლებიც მუდმივად მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან.

– თქვენი აზრით, უმაღლეს დივიზიონში, გორიცას რა მიზნისთვის შეუძლია იბრძოლოს?

 ჯერჯერობით, გამიჭირდება ამ თემაზე საუბარი. მაგრამ, ვფიქრობ, გარკვეულ პოზიციებზე რამდენიმე მაღალკვალიფიციური ფეხბურთელის დამატება აუცილებელია, რათა მომავალ სეზონში მაღალი საფეხურებისთვის ვიბრძოლოთ.

 თქვენგან საინტერესო იქნებოდა ქართული და ხორვატიული საკლუბო ფეხბურთის შედარება.

– მთავარი განსხვავება საკლუბო ინფრასტრუქტურაა. ამ მხრივ, ხორვატიული კლუბები გაცილებით მაღალ საფეხურზე არიან, ვიდრე ქართული. რაც შეეხება ფეხბურთელებს, ჩემი აზრით, ბევრ ქართველ ფეხბურთელს შეუძლია ხორვატიის ჩემპიონატში მაღალ დონეზე თამაში. 

– საქართველოს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონს თუ ადევნებთ თვალს. ვის მიიჩნევთ ფავორიტად ჩემპიონობისთვის ბრძოლაში?

– შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, ეროვნული ლიგის არც ერთი თამაში გამოვტოვო. თუ, რა თქმა უნდა, თამაშს ან ვარჯიშს არ ემთხვევა. ძალიან მომწონს საბურთალოს თამაში. საკმაოდ სანახაობრივ ფეხბურთს გვაჩვენებენ და შეუძლიათ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლონ. იგივე შეიძლება ითქვას გორის დილაზე და რა თქმა უნდა, ქუთაისის ტორპედოზეც.  წინა სეზონის შემდეგ, ქუთაისელებმა შეძლეს გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 დასასრულს, როგორ შეაფსებთ საქართველოს ნაკრების შანსებს ერთა ლიგის დ ჯგუფში?

– შანსი საკმაოდ რეალურია. ყაზახეთის ნაკრები ძლიერი გუნდია და მათთან თამაში ადვილი არ იქნება. მთავარია, ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და აუცილებლად გვექნება შესაძლებლობა, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვითამაშოთ.

 

 

 

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები