სხვადასხვა

 2019/14/08 00:14

სხვადასხვა
გიორგი ჭიაბრიშვილი: მოგებაზე ვითამაშებთ და გულშემატკივრების გახარებას ვეცდებით
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში საბურთალო არარატ-არმენიას მიიღებს. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა სომხეთიდან მოგება (2:1) წამოიღო და დიდი უპირატესობაც შეიქმნა.

გასამართ შეხვედრამდე საბურთალოს თავკაცმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

ევროტურნირებზე დიდი გამოცდილება მივიღეთ, ძალიან წაგვადგება მომავალში. ვერ ვიტყვი, რომ შერიფთან რამე დავაკელით, უბრალოდ, მალე გავუშვით გოლები და ავირიეთ. ფეხბურთელებს შერიფის მატჩი კარგად ახსოვთ. არ მგონია, რომ მსგავსი სურათი განმეორდეს.

მცირე ტრავმა რამდენიმე ფეხბურთელს აწუხებს. ვაგნერმა წინა შეხვედრები სწორედ ამ მიზეზით გამოტოვა. არ ვიცი, ხვალ იქნება თუ არა. რაც შეეხება ინტერს გის, მან ვარჯიში განაახლა და სარეაბილიტაციო კურსს გადის. დანარჩენი ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან და ემზადებიან განმეორებითი შეხვედრისთვის.

ფულს არ ვითვლი, კლუბმა რა თანხა გამოიმუშავა, ეს ჩემი საქმე არაა. როცა, ესა თუ ის ფეხბურთელი მსურს, უარს არასდროს ვიღებ. გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც არასოდეს დაუზოგავს ფინანსები. ხშირად ვამბობ, არ არის აუცილებელი, რომ ლეგიონერმა ითამაშოს. ქართველები ნიჭიერები ვართ, შეგვიძლია წარმატების მიღწევა. ახლაც მიდის საუბრები რამდენიმე ფეხბურთელთან. ვეცდებით, დადებითად დავასრულოთ მოლაპარაკებები.

თუ შეიძლებოდა წილისყრაზე გვეფიქრა, ეს სწორედ საუკეთესო ვარიანტი იყო. თუმცა, ჯერ სომხური ბარიერია დასაძლევი, შემდეგ კიდევ ერთი მეტოქეა. დუდელანჟი არაა ხელწამოსაკრავი გუნდი – შარშან ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. არ მსურს, წინასწარ რამის თქმა.

ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, დანარჩენს უშუალოდ მატჩი დაგვანახებს. როგორც ყოველთვის, ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. ვნახოთ, მოგვცემს თუ არა მეტოქე ამის საშუალებას. მოგებაზე ვითამაშებთ და გულშემატკივრების გახარებას ვეცდებით.

განმეორებითი შეხვედრა დღეს, 14 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება. წყვილში გამარჯვებულის მეტოქე ლუქსემბურგული დუდელანჟი იქნება. 

 

fcsaburtalo.ge



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები