ტყვიის სროლა

 2018/07/06 16:47

ტყვიის სროლა
გიორგი ბიძინაშვილი 7 თვეში საქართველოს ჩემპიონია
ავტორი
ირაკლი გოგავა

თბილისის ღია თასს ვაჟებში, ნინო სალუქვაძის ტირის წევრი, გიორგი ბიძინაშვილი დაეუფლა, რაშიც გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: მან ვარჯიში სულ რაღაც 7 თვის წინ დაიწყო!

ბიძინაშვილმა ყურადღება პირველად საქართველოს ჩემპიონატში მიიპყრო, სადაც, მართალია, მედალოსნებში ვერ მოხვდა – მეოთხეზე გავიდა, მაგრამ 4 თვის მოვარჯიშის კვალობაზე, შედეგი ურიგო არ იყო. მან, ამჯერად, 570 ქულით გაიმარჯვა და მხოლოდ პირველი სერია ჩააგდო, ისიც მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო. საბედნიეროდ, ამან არ დააბნია და მომდევნო სერიაში 98 ქულა დააგროვა. დანარჩენებშიც საკმაოდ სტაბილურად გამოვიდა  97, 95, 94 და 95 და ნაკრების მწვრთნელთა ყურადღებაც მიიპყრო.

„თბილისის ღია თასი“ ორივე ასაკში, ნინო სალუქვაძის ტირში, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, თბილისის მერიისა და სროლის სახობათა ფედერაციის მეშვეობით ტარდება. მასში თბილისელ მსროლელებთან ერთად, ქუთაისელებიც მონაწილეობენ, თუმცა, რიონისპირელები, ამჯერად, უმედლოდ დარჩნენ. რაც შეეხება თბილისელებს, მედლების უმეტესობა სალუქვაძის ტირის წევრებმა მოიპოვეს, მაგრამ ხელცარიელნი არც სკა-ს წევრები დარჩენილან – ორივე ასაკში თითო მედალი ირგუნეს.

ვაჟებში ვერცხლის მედალს ცოტნე მაჭავარიანი დაეუფლა 567 ქულით (95, 94, 94, 95, 96, 93), მესამე კი სკა-ს წევრი ვლადიმერ მაიოროვი აღმოჩნდა 562-ით (93, 93, 89, 95, 97, 95).

ახალგაზრდებში ყველას ამ თაობის ლიდერმა, სალუქვაძის ტირის წევრმა აკაკი მოსულიშვილმა აჯობა  562 ქულა (94, 91, 98, 94, 94, 91). მეორეზე სკა-ს წევრი ამირან ყორანაშვილი გავიდა 559-ით, ვისთვისაც ეს პირველი დიდი წარმატებაა (92, 94, 92, 93, 94, 94), ბრინჯაოს კი სალუქვაძის ტირის კიდევ ერთი წევრი ივა ჭანკვეტაძე დაეუფლა 550 ქულით (92, 91, 90, 94, 92, 91).

ტურნირი ხვალ, 8 ივნისს დამთავრდება შერეულ წყვილთა შეჯიბრით. ხვალვე, 15 საათზე გაიმართება დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალიც.

 

სროლის ფედერაციის პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები