ლეგიონერები

 2019/02/02 00:56

ლეგიონერები
გიორგი არაბიძე: შახტარიდან წასვლა სწორი ნაბიჯი იყო
ავტორი
გოგა წურწუმია

პორტუგალიური ნასიონალის ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი არაბიძემ, Sport24-თან კომენტარი გააკეთა. მან კლუბში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და ავთანდილ ებრალიძის ტრანსფერზეც გაამახვილა ყურადღება. 

– შახტარიდან წასვლა სწორი ნაბიჯი იყო, რადგან მინდოდა მეტი სათამაშო დრო. პორტუგალიაში ადვილად არაფერი ხდება. ნასიონალში ყველა მენდობა და მჯერა, რომ ძირითადის ფეხბურთელი მალე გავხდები. ადვილად არაფერი მოდის და შრომის ხარჯზე მიზანს მივაღწევ. აქ სულ სხვა მენტალიტეტია და თავიდან ყველას უჭირს. ადაპტაციის გავლა მარტივი არ არის. 

ჩემი უთამაშებლობა ბევრმა მწვრთნელთან კონფლიქტს მიაწერა, მაგრამ გეტყვით, რომ ყველასთან კარგად ვარ. რამე სახის გაუგებრობა, რომ იყოს აქ არ დავრჩებოდი იმიტომ, რომ პრობლემები ფეხბურთში არავის სჭირდება. 

ვფიქრობ საუკეთესო ვარიანტი ავარჩიე, რადგან ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. სტადიონები იდეალურია, 2-3 გუნდის გარდა, თითქმის, თანაბარი კლუბებია და უკრაინისგან განსხვავებით, სადაც ძალისმიერი ფეხბურთი უყვართ, სულ სხვა სტილით ასპარეზობენ. 

გულშემატკივრების დასწრება თამაშზეა დამოკიდებული. თუ ნასიონალს გრანდებთან უწევს ჯახი სტადიონი სულ სავსეა. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ხალხი არ დადის. ქომაგების ტრიბუნაზე ყოფნას სულ ვგრძნობთ. 

ნასიონალში გადასვლამდე და გადასვლის შემდეგაც იყო დაინტერესება სხვადასხვა ევროპული კლუბისგან, მაგრამ ჩემი სხვაგან გადასვლა არ განიხილება. პრეზიდენტმა და მწვრთნელმა მითხრეს, რომ მათ ვჭირდები. 

საქართველო და ერთა ლიგა

ნაკრებმა დიდ წარმატებას მიაღწია. მჯერა, რომ კიდევ უფრო დიდი აღიარება გველოდება წინ. ყველაფერი ჩვენს ხელშია. დაბრუნებაზე საუბარი მიჭირს ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ყოველთვის მზად ვარ ვითამაშო ეროვნული გუნდის მაისურით. 

ნასიონალი და ავთანდილ ებრალიძე

მას ჯერ არ ვიცნობ, მაგრამ ველოდები, რადგან მგონია, რომ კარგად ავთამაშდებით. როგორც ვიცი 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები