ჰოკეი

 2019/27/05 03:17

ჰოკეი
ფინეთმა როგორც დაიწყო, ისე დაამთავრა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა და მას ღირსეული ჩემპიონი ჰყავს. ფინალურ დაპირისპირებაში ფინეთმა კანადა 3:1 დაჯაბნა.

არაფავორიტად მიჩნეულმა ფინელებმა უამრავი საოცარი შეხვედრა შემოგვთავაზეს და რამდენიმე ხმაურიანი გამარჯვებაც მოიპოვეს.

პირველივე ტურში უძლიერესი კანადა შეხვდათ და ფინალის მსგავსად, 3:1 იმარჯვეს. ჯგუფური ეტაპი 5 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულეს, რითაც მეორე პოზიცია დაიკავეს.

ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი შვედეთი ოვერტაიმში გააგდეს – 5:4. ნახევარფინალში ტურნირის ფავორიტს, დაუმარცხებელ რუსეთს შეხვდნენ და არაფერი დაუთმეს. შვედეთთან მატჩის მსგავსად, გმირად გუნდის კაპიტანი მარკო ანტილა მოგვევლინა, ვინც ერთადერთი შაიბა გაიტანა – 1:0.

რაც შეეხება ფინალს. კანადელები მე-11 წუთზე თეოდორის შაიბით დაწინაურდნენ. ფინელებმა 33-ე წუთზე ანტილას შაიბით გაათანაბრეს. ამ უკანასკნელმა ზუსტად 20 წუთში ისევ გაიტანა და ფინელები დააწინაურა. კანადა შტურმზე გადავიდა, ხოლო ფინელთა იშვიათი შეტევა 56-ე წუთზე ჰარი პესონენის გადამწყვეტი შაიბით დასრულდა – 3:1. დარჩენილ დროში კანადა 6 მოთამაშითაც უტევდა, თუმცა, მეტოქემ საკუთარი კარი სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცვა.

ფინეთმა მსოფლიო ჩემპიონობა მესამედ იზეიმა, ხოლო ბრინჯაოს მედლები რუსებმა მოიპოვეს. მათ ჩეხეთს ბულიტების სერიაში სძლიეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები