სხვადასხვა

 2019/31/07 19:45

სხვადასხვა
ფიფამ საუკეთესოობისთვის მებრძოლთა კანდიდატები დაასახელა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ფიფამ იმ მოთამაშეთა და მწვრთნელთა სია დაასახელა, ვინც 2019 წლის ჯილდოსთვის იბრძოლებენ.

ვაჟთა შორის, პირველობისთვის 10 კანდიდატი შეეცილება ერთმანეთს. ყველაზე მეტი (3) წარმომადგენელი ლივერპულს ჰყავს – სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი, ვირჯილ ვან დაიკი. რა თქმა უნდა, სიაში კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესიც მოხვდნენ. მათ მხარდამხარ, იუვენტუსისა და ბარსელონას ახალწვეულები, მატიას დე ლიხტი და ფრენკი დე იონგიც იბრძოლებენ. რეალიდან ედენ აზარი, პარი სენ-ჟერმენიდან კილიან მბაპე, ხოლო ტოტენჰემიდან ჰარი კეინი დასახელდა. 

ქალ ფეხბურთელთა შორის, 12 მოთამაშეა წარმოდგენილი. ყველაზე მეტი წარმომადგენელი აშშ-ს ჰყავს, რომელმაც მუნდიალი ტრიუმფით დაასრულა. ამერიკელებიდან ჯულიე ჯონსტონ ერცი (ჩიკაგო რედ სტარსი), როუს ლაველი (ვაშინგტონ სპირიტსი), ალექს მორგანი (ორლანდო პრაიდი) და მეგან რეპინო (რეინი) იბრძოლებენ. სიაში ორი ინგლისელი მოთამაშეა – ლუსი ბრონზე (ლიონი) და ელენ უაითი (სიტი). საფრანგეთს ამდენივე წარმომადგენელი ჰყავს – ამანდინ ანრი, ვენდი რენარი (ორივე ლიონი). ლიონელთაგან მეოთხე ფეხბურთელი ნორვეგიელი ადა სტოლსმოა. ნორვეგიელთა მეორე წარმომადგენელი ბარსელონაში მოთამაშე კაროლინ გრაჰამ იანსენია. დარჩენილი ორი ადგილი ავსტრალიელმა სემ კერმა (ჩიკაგო რედ სტარსი) და ჰოლანდიელმა ვივიან მიედემამ (არსენალი) შეავსეს. 

ვაჟთა გუნდის მწვრთნელთაგან პირველობისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს: ჯამელ ბელმადი (ალჟირი), დიდიე დეშამი (საფრანგეთი), მარსელო გალიარდო (რივერ პლეიტი), რიკარდო გარეკა (პერუ), პეპ გვარდიოლა (სიტი), იურგენ კლოპი (ლივერპული), მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი), ფერნანდო სანტუში (პორტუგალია), ერიკ ტენ ჰაგი (აიაქსი), ტიტე (ბრაზილია).

ამდენივე წარმომადგენელი ჰყავს გოგონათა გუნდის მწვრთენლთა კანდიდატურას: მილენ ბარტოლინი (იტალია), ჟილ ელისი (აშშ), პიტერ გერჰარდსონი (შვედეთი), ფუტოში იკედა (იაპონია), ტონა იში (ესპანეთი, 17-წლამდე), ჟო მონეტემურო (არსენალი), ფილ ნევილი (ინგლისი), პოლ რილი (ნორთ კაროლინა ქოურეჯი), სარინა ვიგმენი (ჰოლანდია), რეინალდ პედროსი (ლიონი).

ნომინაციების გამარჯვებულები 23 სექტემბერს, იტალიაში გამოვლინდებიან. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები