სხვადასხვა

 2019/08/09 20:14

სხვადასხვა
ესპანეთმა სერბეთს მასტერკლასი ჩაუტარა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე რაუნდის ორ ჯგუფში ადგილები საბოლოოდ გადანაწილდა და ფლეი-ოფის ორი წყვილი უკვე შედგა.

I ჯგუფში არგენტინამ პოლონეთი ძალიან მარტივად (91:65) დაამარცხა და ხუთი მოგებით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო პოლონეთი მეორეზე გავიდა.

მეორე შეხვედრა უფრო სანახაობრივი გამოვიდა. მესამე მეოთხედში პუერტო რიკო იტალიას 26 ქულით უგდებდა, მაგრამ მეოთხეში იტალიელებმა ჩამორჩენა აღმოფხვრეს და 7 ქულითაც გალიდერდნენ. უკანასკნელ წუთზე სხვაობა 4 ქულა იყო, მაგრამ პუერტო რიკომ თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა (83:83), სადაც იტალია შეუჩერებელი გახდა (94:89) და ჯგუფში მესამე ადგილი გაიკავა.

J ჯგუფში დღის ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა – შესანიშნავ ფორმაში მყოფი სერბეთი არასტაბილურად მოთამაშე ესპანეთს შეერკინა. ჯორჯევიჩის შეგირდებმა კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 20:13 მოიგეს, თუმცა, შემდეგ აირივნენ და მეორეში 32 ქულა მიიღეს – 37:45. მეორე ტაიმში ესპანელებმა უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს, 12 ქულით (81:69) იმარჯვეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. მეორე შეხვედრაში რუსეთი ვენესუელას დაუპირისპირდა და 69:60 დაამარცხა, რითაც მესამე პოზიციას დასჯერდა.

შედეგებიდან გამომდინარე, ფლეი-ოფში არგენტინა სერბეთს დაუპირისპირდება, ხოლო ესპანეთი პოლონეთს. დარჩენილი ორი წყვილის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. განსაკუთრებული ყურადღება საფრანგეთისა და ავსტრალიის შეხვედრას ეთმობა, რომლებიც დაუმარცხებლად ასპარეზობენ და პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ. ამასთან, გამარჯვებული აშშ-ის მრისხანე ნაკრებს აცდება. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

ამავე ჯგუფში ლიეტუვა დომინიკის რესპუბლიკას 12:00 საათზე შეხვდება. მეორე ჯგუფში ჩეხები და ბერძნები 12:30 საათზე ითამაშებენ, სადაც მეორეადგილოსნის ვინაობა უნდა გაირკვეს. შედარებით ნაკლები, მაგრამ შანსი ბრაზილიასაც აქვს, რომელიც 16:30 საათზე აშშ-ს დაუპირისპირდება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები