TOP ჩემპიონატები

 2019/17/02 14:47

TOP ჩემპიონატები
ელ კლასიკო საკალათბურთო თასზეც გაიმართება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

წლევანდელი სეზონი ელ კლასიკოებით განებივრებულია. ფეხბურთში ორი უკვე ჩატარდა და წინ კიდევ მინიმუმ ამდენი გველის. ამ ყველაფერს არც კალათბურთი ჩამორჩა და „კოპა დელ რეის“ ფინალში რეალი ბარსელონას შეხვდება.

ნახევარფინალში ბარსელონამ ტენერიფე დაამარცხა. კატალონიელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და ტაიმი 12 ქულით მოიგეს – 41:29. დიდი შესვენების შემდეგ, სხვაობა უფრო გაიზარდა და მეოთხე მეოთხედში 24-ს მიაღწია. ამის მიუხედავად, ტენერიფემ ვითარება მაინც დაძაბა და შეხვედრის მიწურულს ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა. საბოლოოდ სასწაული ვეღარ მოახდინეს და 86:92 დამარცხდნენ.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში მასპინძელი მადრიდის რეალი ხუვენტუდს შეხვდა. მადრიდელები მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ და მარტივი გამარჯვება მოიპოვეს. მათ ტაიმი 48:38, ხოლო შეხვედრა 93:81 მოიგეს.

მიმდინარე სეზონში ბარსელონა და რეალი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან. პირველ შემთხვევაში, ლიგა ენდესაში, კატალონიელებმა საკუთარ კედლებში 86:69 იმარჯვეს, ხოლო მადრიდში, ევროლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩში, მასპინძლებმა რევანში აიღეს – 92:65.

ფინალური დაპირისპირება 22:30 საათზე გაიმართება და სილქ უნივერსალის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები