ეროვნული ნაკრებები

 2018/31/05 21:56

ეროვნული ნაკრებები
დრამატული ფინალი და ბორჯღალოსნების გამარჯვება [VIDEO]
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ოკეანეთის ტურნეზე გამგზავრებამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ფრანგ ბარბაროსებს დაუპირისპირდა და ანგარიშით – 16:15 დაამარცხა.

მატჩი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა და ბორჯღალოსნები იმგვარი კვართებით გამოვიდნენ მინდორზე, როგორებითაც ქართული რაგბის პირველი თაობა დგამდა ნაბიჯებს მსოფლიო რაგბის ელიტისკენ.

მატჩი სარეიტინგო არ გახლდათ, თუმცა, ურთულესი ტესტ მატჩების წინ, გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

პირველი ნახევარი ფრანგთა უპირატესობით დაიწყო. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ, ნაკლებად შემოსულიყვნენ კონტაქტში და  გაშლილი თამაშით აპირებდნენ ჩვენი დაცვის გარღვევას.  ყველაზე სახიფათო მაქსიმ მატის შეცურება იყო, რომელზეც ყველას მერაბ კვირიკაშვილმა დაასწრო და საქართველოს ნაკრები აშკარა ლელოსგან იხსნა.

ფრანგთა  საწყისი ტალღა მოვიგერიეთ და შერკინების ხარჯზე, მეტოქის ნახევარზეც გადავედით. მაღალი ბოჭვისთვის, შეხვედრის ინგლისელმა მთავარმა არბიტრმა, ქრისთოფ რიდლიმ, ჩვენს სასარგებლოდ, ჯარიმა დანიშნა, რომელიც სოსო მათიაშვილმა  ზუსტად შეასრულა. მან კიდევ ერთი ჯარიმაც გაიტანა და 6:0 დავწინაურდით. თუმცა, პირველი ნახევრის გამარჯვებამდე მიყვანა, მაინც ვერ მოვახერხეთ. ფრანგი ბარბაროსების მესამეხაზელმა ალბან პლასინიმ რაქიდან ბურთი მოიპარა, ხაზი  გაგვიჭრა და მატჩის პირველი ლელოც მიითვალა, რომელიც იოან ლაუს-აზპაზიუმ ზუსტად გარდასახა.

მეორე ნახევარში მილტონ ჰეიგმა განაცხადში მყოფ ყველა მორაგბეს მისცა თავის გამოჩენის საშუალება და შემადგენლობა საკმაოდ გადაახალისა.

მატჩის განახლებიდან მალევე, სოსო მათიაშვილმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, თავისი მორიგი ლელო გაიტანა. ინდივიდუალური სოლორეიდის შემდეგ, ის  ჩათვლის მოედანთან შებოჭეს, თუმცა, მეორე მოძრაობით შეძლო ფრანგ ბარბაროსთა დალელოვება.

მეორე ნახევარში მილტონ ჰეიგის გუნდი საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. ძალიან ბევრი  წუნი იყო გადაცემებში. რიგ ეპიზოდებში, რაქში ბურთი საკმაოდ გვიან  გამოდიოდა. დერეფნები კი, კვლავ ჩვენი გუნდის აქილევსის ქუსლად რჩებოდა.

ამის მიუხედავად, მეტოქემ მხოლოდ ერთი ზუსტი საჯარიმოს გატანა მოახერხა. საქართველოს ნაკრებმა კი საკმაოდ კარგი შეტევა განახორციელა. მარცხენა ფლანგზე უპირატეობა შევქმენით და სანდრო თოდუამ ბარბაროსები დაალელოვა.

ბოლო წუთები ჩვენთვის ზედმეტად სანერვიულო გამოდგა. ფრანგები ჩვენს ხუთმეტრიან ზონაში დამკვიდრდნენ და ძალიან მწვავედაც შემოგვიტიეს. საბოლოოდ, ლელოც დადეს. თავი პეიო მუსკადიცმა გამოიჩინა. მაგრამ მათ გარდასახვის გატანა ვერ მოახერხეს და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, გამარჯვება მაინც ბორჯღალოსნებს დარჩათ.


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები