თასი

 2018/03/10 17:12

თასი
დინამომ გურია მეორე ტაიმში გატეხა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/4 ფინალის სამი შეხვედრა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სამივე მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა, ისე, რომ გოლი არც ერთმა გაუშვა.

ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერი გუნდები დაუპირისპირდნენ. ვიტ ჯორჯიამ „მცხეთა პარკზე“ თელავი მიიღო. ცხრილში ორივე მათგანს, 42-42 ქულით, მეორე-მესამე ადგილი უკავია. წელს ამ ორი გუნდისთვის ეს მეოთხე დაპირისპირება გახლდათ. ჩემპიონატში სამი შეხვედრიდან, ორჯერ თელავმა იმარჯვა. მათ სასურველი შედეგი დღესაც დააფიქსირეს, „ვეტერინარები“ 3:0 დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ. 

სტუმრები 32-ე წუთზე ილია ბერიაშვილის გოლით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში უპირატესობა ვასილ გოგოლიძემ გაზარდა. მან თავი 63-ე წუთზე გამოიჩინა. წერტილი კი, 72-ე წუთზე, მიხეილ ბაშელეიშვილმა დასვა.

მორიგ სენსაციასთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა, რეგიონალური ლიგის წარმომადგენელმა მეტამ გაგრას ბარიერი ვერ დაძლია. ერთადერთი გოლი რატი ცაცკრიალაშვილმა გაიტანა. მან თავი 51-ე წუთზე გამოიჩინა და გუნდს საჭირო გამარჯვება მოუპოვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისის დინამომ მარტივი გამარჯვება მოიპოვა. მათი მეტოქე მესამელიგელი გურია იყო. შეხვედრის პირველ ნახევარში მასპინძლებმა, მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა, მეორე ტაიმში ხუთი ბურთი გაუშვეს. ლანჩხუთელების რბევა 58-ე წუთზე ლევან შენგელიამ დაიწყო. ორ წუთში, თავი გიორგი ივანიშვილმაც გამოიჩინა. 68-ე წუთზე პენალტი ლაშა თოთაძემ გაიტანა. ბუდუ ზივზივაძემ კი, 1-წუთიან ინტერვალში ორი ბურთი გაიტანა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა – 5:0.

ნახევარფინალში ასპარეზობას ეროვნული ლიგის ერთი, ხოლო ეროვნული ლიგა 2-ის ორი წარმომადგენელი აგრძელებს.

მეოთხე გუნდის ვინაობა 24 ოქტომბერს გაირკვევა. ქობულეთის შუქურა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს. შეხვედრა 15:00 საათზეა ჩანიშნული.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები