ჩოგბურთი

 2019/06/09 15:54

ჩოგბურთი
დიდი სლემის ფინალში სერენა 19 წლის მეტოქეს შეხვდება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ამერიკის ღია პირველობის ქალთა თანრიგში ნახევარფინალები დასრულდა და გაირკვა ის ორი ჩოგბურთელი, რომელიც ფინალში იასპარეზებს. ლეგენდარული სერენა უილიამსი 19 წლის ბიანკა ანდრეესკუს დაუპირისპირდება.

ამერიკელმა ფინალური საგზური ძალიან მარტივად მოიპოვა. მან ელინა სვიტოლინას ბარიერი ორ სეტში (6:3, 6:1) დაძლია. უილიამსმა 6 ბრეიქ ფოინთი გადაარჩინა, ხოლო თავად, მეტოქეს ჩაწოდება 4-ჯერ წაართვა. ზოგადადაც, 37 წლის ჩოგბურთელი ტურნირზე შესანიშნავად ასპარეზობს და სეტი მხოლოდ ერთხელ დათმო. სერენა ფინალში მეათედ გავიდა. აქამდე 9 მცდელობიდან ჩემპიონობა 6-ჯერ იზეიმა, ხოლო გასულ სეზონში ვიცე-ჩემპიონიც გახდა. წარმატების შემთხვევაში, მისთვის დიდი სლემის 24-ე ტიტული იქნება.

19 წლის კანადელი, ბიანკა ანდრეესკუ, შესანიშნავ ფორმაშია და საოცარ სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში 3 ტურნირის მოგება უკვე მოასწრო და არც დიდ სლემზე იტყოდა უარს. ნახევარფინალში ბელინდა ბენჩიჩი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. პირველ სეტში ბრეიქი არ ყოფილა, მაგრამ ტაი-ბრეიქზე უამრავი მინი-ბრეიქის ფონზე, კანადელმა 7:3 იმარჯვა. პირველი სეტის „დანაკარგი“ გოგონებმა მეორეში შეავსეს. ოთხი ბრეიქის შემდეგ, შვეიცარიელი 5:2-ს იგებდა, თუმცა ზედიზედ 3 ჩაწოდება დათმო – 5:7. ანდრეესკუ დიდი სლემის ტურნირის ფინალში პირველადაა. აქამდე მისი მაქსიმუმი მეორე რაუნდი იყო, რომელსაც მიმდინარე წელს ავსტრალიასა და საფრანგეთში მიაღწია, ხოლო გასულ ორ სეზონში ამერიკაში საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდს ვერ გაცდა.

წინ უაღრესად საინტერესო შეხვედრა გველის – ლეგენდარული ჩოგბურთელი ამომავალი ვარსკვლავის წინააღმდეგ. სერენა სულ მალე 38 წლის გახდება, ხოლო ბიანკა მასზე ზუსტად ორჯერ პატარაა. ამერიკელი ჩემპიონობის შემთხვევაში, მეექვსე პოზიციაზე გადავა, ხოლო კანადელი სარეკორდო მეხუთე პოზიციას დაიკავებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გოგონები ერთმანეთს ერთი თვის წინ დაუპირისპირდნენ. ტორონტოს მასტერსის ფინალში ანდრეესკუ 3:1-ს იგებდა, როდესაც სერენამ თამაში ვეღარ გააგრძელა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები