სხვადასხვა

 2019/15/05 18:40

სხვადასხვა
დიდი ფეხბურთელების ერა სრულდება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მიმდინარე სეზონის ბოლოს, რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელს დავემშვიდობებით, ზოგიერთი მათგანი კი, დიდი ხნის შემდეგ, გუნდს შეიცვლის. მათ შორის, დანიელე დე როსი, ფრენკ რიბერი, არიენ რობენი, ჩავი და სხვანი.

35 წლის დანიელე დე როსი რომას ტოვებს, სადაც 615 შეხვედრა ჩაატარა. იტალიელი რომაში 2001 წლიდან ასპარეზობს.

ევროპული ფეხბურთის მორიგი ლეგენდა, ჰოლანდიელი ვინგერი არიენ რობენია, ვინც ბაიერნში 10 სეზონის ასპარეზობის შემდეგ, კლუბიდან მიდის. 35 წლის ფეხბურთელი გერმანულ გრანდში 2009 წელს გადავიდა და კლუბის მაისური 307-ჯერ მოირგო, გაიტანა 143 გოლი და 101 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

„ალიანს არენაზე“ ოდნავ მეტი დრო რობენის თანაგუნდელმა, ფრენკ რიბერიმ გაატარა. ფრანგი „რეკორდმაისტერში“ 2007 წელს ჩაირიცხა და ამ დროში 21 ტიტული მოიგო, რისთვისაც სეზონის ბოლოს, კიდევ ორის დამატება შეეძლება. ბაიერნმა რიბერისთან და რობენთან ერთად, 2013 წელს ტრებლი მოიგო. ორივე მათგანი გერმანულ გრანდს ძალიან დააკლდება. მათ კლუბის ისტორიაში საკუთარი სახელები ჩაწერეს. 

პრემიერ ლიგაში გარი კეჰილი და ანტონიო ვალენსია კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებენ. ინგლისელმა ჩელსიში 290 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო ეკვადორელმა იუნაიტედის მაისური 339-ჯერ მოირგო. 

ფეხბურთიდან მიდიან ჩავი, პეტერ ჩეხი, ანდრეა ბარძალი და რობინ ვან პერსი. 

უდავოდ, ჩავი ერნანდესი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. კარიერის განმავლობაში, 32 ტიტული მოიგო. პეტერ ჩეხი ინგლისში, ლონდონურ კლუბებში მრავალი წელი უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა. მან პრემიერ ლიგაში კარი მშრალად ყველაზე მეტჯერ შეინახა. 

რობინ ვან პერსის საოცარი კარიერაც დასასრულს მიუახლოვდა. სხვადასხვა დროს, ჰოლანდიელი შემტევი ინგლისში, თურქეთსა და ჰოლანდიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 38 წლის ანდრეა ბარძალი იუვენტუსში 2011 წლიდან ასპარეზობს და ამ დროში სერია ა-ს 7 ტიტული მოიგო.

დიდი ფეხბურთელების ერა ნელ-ნელა სრულდება. მაგრამ მათ საკუთარი კვალი უკვე დატოვეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები