სუპერლიგა

 2019/23/05 23:45

სუპერლიგა
დელტა ვერც ქუთაისმა შეაჩერა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დელტას საოცარი გამოსვლა გრძელდება. სუპერლიგის ფინალში მარნეულელებმა ქუთაისში იმარჯვეს და ფლეი-ოფში წაუგებელ სერიას აგრძელებენ. 

მოგეხსენებათ, დელტამ ჯერ ოლიმპი, შემდეგ მგზავრები 3:0 დაამარცხა და ფინალს დასვენებული შეხვდა. საპირისპიროდ, ქუთაისს დიდი ბრძოლა მოუწია. ტიტებს 3:1 მოუგო, ხოლო დინამოსთან მეხუთე თამაში გახდა საჭირო. 

ფინალური ეტაპის პირველი ტაიმი თანაბრად წარიმართა. ლიდერი 8-ჯერ შეიცვალა და შეხვედრა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. ქუთაისის მაქსიმალური ლიდერობა 5 ქულით განისაზღვრა. მათ საწყისი მეოთხედი 23:20 მოიგეს. მეორე ათწუთეული დელტამ შესანიშნავად დაიწყო და 8:0 გაიქცა, მაგრამ ზედიზედ ორი სამიანით, ქუთაისმა უპირატესობა დაიბრუნა. საბოლოოდ, მასპინძლებმა ტაიმი 39:38 მოიგეს.

ყველაფერი დიდი შესვენების შემდეგ გადაწყდა. სტუმარი გუნდი პერიმეტრიდან შესანიშნავად ისროდა და საწყის 5 წუთში მათმა უპირატესობამ 12 ქულას უწია, რაც ბოლოსკენ 17-მდეც გაიზარდა. შეხვედრის ბოლომდე დელტამ ლიდერობა ხელიდან არ გაუშვა, თუმცა, რამდენჯერმე ვითარება დაიძაბა. 3 წუთითა და 46 წამით ადრე, დვალიშვილის ორქულიანით, ჩამორჩენა 5-მდე დავიდა. ამას მათივე მხრიდან 3 დაკარგვა მოჰყვა, რაც ლექსო ლაფანაშვილის შეგირდებმა აღარ აპატიეს და კვლავ სოლიდური ლიდერობა მოიპოვეს. უკანასკნელ წუთზე ქუთათურები ბოლო შანსს ჩაებღაუჭნენ, თუმცა, უშედეგოდ – 83:90.

მარცხის მიუხედავად, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე, 31 ვალიდობით, აკაკი დვალიშვილი გახდა – 24 ქულა, 14 მოხსნა. ჯონათან ლიმ და გიორგი ბარბაქაძემ 19-19 ქულა ჩააგდეს. ამდენივე ჰქონდა, დელტას 17 ნომერს, ერიკ ნოთიჯს. მას მხარი, 16 ქულით, მალკოლმ დრამრაითმა აუბა. 

სერიის მეორე შეხვედრა 24 მაისს, 18:30 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები