სუპერლიგა

 2019/17/05 22:34

სუპერლიგა
დელტა ფინალშია, ქუთაისი ერთ ნაბიჯში
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სუპერლიგაში ნახევარფინალური ეტაპის მესამე შეხვედრები გაიმართა. დელტამ მგზავრები მესამედაც დაამარცხა და ფინალში გავიდა, ხოლო ქუთაისმა დრამატულ ბრძოლაში იმარჯვა და მოედნის უპირატესობა დაიბრუნა.

დელტა-მგზავრები 98:75

საკუთარ კედლებში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, მგზავრებმა მაინც ვერაფერი გააწყო და სერიაში 0:3 დამარცხდა. დელტა საოცარ სეზონს ატარებს და ფლეი-ოფში დაუმარცხებლად ასპარეზობს.

სტუმარი გუნდი მხოლოდ პირველ ტაიმში ლიდერობდა, ისიც 2 ქულით. ეს ყველაფერი საწყის 3 წუთში ჩაეტია. დარჩენილ დროში დელტამ დიდი უპირატესობა მოიპოვა. ტაიმი მასპინძლებმა 58:47 მოიგეს. დიდი შესვენების შემდეგ, თითქოსდა სტუმრები დაბრუნდნენ, ჩამორჩენა 6 ქულამდეც დაიყვანეს, მაგრამ გარდამტეხი არაფერი მომხდარა. მეტიც, მეოთხე მეოთხედში დელტამ უდიდესი უპირატესობა მოიპოვა. მეტოქეს მხოლოდ 5 ქულა ჩააგდებინა და საბოლოოდ 98:75 იმარჯვა.

დელტაში გუნდურობა გამოირჩედა. 6 კალათბურთელს 14 და მეტი ქულა ჰქონდა. 17 ქულითა და 8 მოხსნით ბექა ბექაური გამოირჩა. 16 ჰქონდა არტიომ შვეცს. მგზავრებს 21 ქულით ადრიან ბოუიმ ულიდერა, ვისაც 20 ქულით მხარი კახაბერ ჯინჭარაძემ აუბა. 

დინამო-ქუთაისი 56:76

საკალათბურთო კლასიკას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. დინამოელებმა ქუთაისიდან მოგება წამოიღეს და ფინალში გასვლა საკუთარ მოედანზევე შეეძლოთ, მაგრამ მათი მეტოქე ქუთაისი გახლდათ, რითაც ბევრია ნათქვამი.

შეხვედრა ძალიან დრამატულად წარიმართა და ორი განსხვავებული ტაიმი ჰქონდა. პირველი მათგანი სრულად მასპინძლების იყო. დინამო კარგად გამოიყურებოდა და ლიდერობასაც არ თმობდა. ტაიმი მათივე გამარჯვებით (37:31) დასრულდა. ყველაფერი მესამე მეოთხედში გადაწყდა. ქუთაისმა საწყისსავე წუთებში გაქცევა (8:0) შემოგვთავაზა. რამდენიმე წუთი მატჩი თანაბრად მიმდინარეობდა, ხოლო აკაკი დვალიშვილის საშუალოთი ქუთაისმა უპირატესობა მოიპოვა, რაც ხელიდან არ გაუშვია. მესამე მეოთხედი სტუმრებმა 30:11 მოიგეს. დინამოსთვის დასკვნითი ათწუთეულიც საშინლად წარიმართა და მათ მხოლოდ 8 ქულა ჩააგდეს. საბოლოოდ ქუთაისმა 20 ქულით იმარჯვა (76:56), მოედნის უპირატესობაც დაიბრუნა და სერიის დასრულება თბილისშივე შეეძლება.

გუნდების ერთ-ერთ წამყვან კალათბურთელებს, დემაგოი ბუბალოსა და აკაკი დვალიშვილს, თითქმის, იდენტური სტატისტიკა ჰქონდათ. ორივემ 16 ქულა ჩააგდო, მაგრამ ბუბალომ მეტოქეზე ერთით მეტი მოხსნა (10) მოაგროვა და ორმაგ დუბლსაც უწია. ქუთაისელთაგან 15 ქულა გიორგი ბარბაქაძის ანგარიშზეა, ხოლო დინამოდან 10-ქულიან ზღვარს ჯორდან სვოფშირი გადაცდა – 14 ქულა. 

ამ გუნდების მეოთხე დაპირისპირება 18 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება და შესაძლოა, ფინალში დელტას მეტოქეც გაირკვეს.  

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები