სუპერლიგა

 2019/18/05 20:05

სუპერლიგა
დეჟა ვუ – ყველაფერი კვლავ ქუთაისში გადაწყდება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ზედიზედ მეორე სეზონში, ქუთაისსა და დინამოს შორის საუკეთესოს მეხუთე შეხვედრა გამოავლენს. გასულ წელს ეს ორი გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოდა, გუნდებმა სტუმრად თამაშები გაცვალეს და ყველაფერი ქუთაისში გადაწყდა. ამჯერადაც, დინამომ ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა (71:63) და ფინალისტის ვინაობა იმერეთში გაირკვევა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული და მწირქულიანი გამოვიდა. განსაკუთრებით პირველი ტაიმი. შეხვედრიდან 3 წუთი იყო გასული და ტაბლოზე 0:0 ეწერა. ნავსი აკაკი დვალიშვილმა გატეხა. გუნდებმა მოუმატეს, ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა და ქუთაისმა 11:9 იმარჯვა. როგორც აღმოჩნდა, ეს მათთვის უკანასკნელი ლიდერობა გახლდათ. დინამო მოუმატა, იმერლებს კი სროლები არ მისდიოდათ. რამდენიმე მინი გაქცევით მოქმედმა ჩემპიონმა ტაიმი 30:19 მოიგო.

მესამე მეოთხედის შუაწელს სტუმრებმა ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანეს, რასაც უმალვე მასპინძელთა სამი სამქულიანი მოჰყვა. დასკვნით ათწუთეულს დინამო 15-ქულიანი უპირატესობით შეხვდა – 50:35. მათმა უპირატესობამ 19 ქულასაც უწია და ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა, ბოლო წუთებში ვითარება მაინც დაიძაბა. ქუთაისმა მოუმატა და წუთნახევრით ადრე სხვაობა 5 ქულამდე დავიდა. დარჩენილ დროში დინამო გონს მოეგო და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა – 71:63.

დინამოელებს 23 ქულითა და 8 მოხსნით ჯორდან სვოფშირმა ულიდერა. 20 ქულა და 10 მოხსნა დემაგოი ბუბალოს ანგარიშზეა. ამ უკანასკნელს ორმაგი დუბლით აკაკი დვალიშვილმა უპასუხა – 12 ქულა, 13 მოხსნა. 16 ქულა ჯონათან ლიმ მიითვალა.

გადამწყვეტი შეხვედრა 20 მაისს, 18:30 საათზეა ჩანიშნული. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები