სხვადასხვა

 2019/05/06 23:08

სხვადასხვა
დავით ხავთასი: წყალბურთისადმი ინტერესი იზრდება და შედეგიც ჩანს
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

დამოუკიდებელი საქართველოს სპორტულ ისტორიაში, რომელიმე სათამაშო სახეობამ გარკვეულ წარმატებას თუ მიაღწია, მათგან, ერთ-ერთი წყალბურთია. ჩვენი ეროვნული გუნდი ზედიზედ სამჯერ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

საწყის ეტაპზე ჩვენი ნაკრების წარმატება ნატურალიზებულ წყალბურთელებთან იყო დაკავშირებული, ვინც გარკვეული წვლილი შეიტანეს ჩვენი ნაკრების განვითარებაში. ბოლო დროს მათმა რიცხვმა იკლო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, ჩვენებს „ძველი კონტინენტის“ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ეასპარეზათ.

რა მდგომარეობაა სადღეისოდ წყალბურთში და რა რესურსს უნდა ველოდოთ მომავალში – ეს არის კითხვა, რომელიც სპორტის ამ სახეობის გულშემატკივარს ყველაზე მეტად აღელვებს. საამისოდ, გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის წყალბურთისა და ცურვის მწვრთნელს, დავით ხავთასს ვესაუბრეთ.

– ბოლო დროს ქართული წყალბურთი პროგრესირებს. თუმცა, ეს მეტწილად, ლეგიონერების ხარჯზე დაიწყო, რომელსაც ეტაპობრივად ანაცვლებენ ქართველი სპორტმენები. მაგრამ მთავარი მაინც საბავშვო სკოლებია, რაც უფრო დიდი წარმატების საწინდარი უნდა გახდეს.

 რა თქმა უნდა. აღსანიშნავია, რომ თაობა საკმაოდ ნიჭიერი მოდის. ძალიან მოტივირებული ბავშვები არიან – წყალბურთი უყვართ, აინტერესებთ. რაც მთავარია, ვარჯიშობენ და არ ზარმაცობენ. ბავშვებზე საკუთარი გავლენა იქონია ნაკრების წარმატებამ. ისიც საინტერესო ფაქტია, რომ ეროვნული გუნდის გარდა, ევროპის ჩემპიონატზე 15 წლამდე ნაკრებმაც აჩვენა შედეგი. ამან მოტივაცია გაზარდა, რასაც საწყლოსნო სპორტის ფედერაციისა და სახელმწიფოს მხრიდან ემატება ხელშეწყობა. აქედან გამომდინარე, შედეგები იზრდება.

–  ხელშეწყობა რაში გამოიხატება. არის საკმარისი ინფრასტრუქტურა?

ინფრასტრუქტურა არის. აუზები, გუნდები მომრავლდა. ბავშვებს უკვე ყველა პირობა აქვთ, საკუთარ ასაკობრივ ჩემპიონატებში ნორმალურ ტურნირებსა და შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა.

– თავად გყავთ გუნდი იმედი. როდის შეიქმნა ეს გუნდი და რა პოტენციალს ხედავთ?

 დიდი ხნის გუნდი არ არის. ჩემი და მამუკა ნიაზაშვილის იდეა იყო, რომელთან ერთადაც მომიწია თამაში და წლებია ვმეგობრობთ. გუნდში 2004-2005 წლებში დაბადებული ბავშვები არიან. ვმონაწილეობთ საქართველოს პირველობებზე და დროთა განმავლობაში, შედეგიც გვექნება.

 ველოდოთ ვინმეს თქვენი გუნდიდან საქართველოს ნაკრებში?

– არ გამოვრიცხავ. შესაძლოა, ვინმე მოხვდეს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში. თუმცა, ამას ძალიან ბევრი შრომა და თავდადება უნდა.

  კი, საქართველოში ძალიან ხშირია ფაქტები, როცა ბავშვებს ჰგონიათ, მარტო ნიჭის ხარჯზე მოახერხებენ დიდ სპორტსმენობას და შრომა ეზარებათ.

 ცხადია, არ მივესალმები ასეთ მიდგომას. შესაძლოა, ნიჭიერი იყოს ბავშვი, მაგრამ ბოლომდე ვერ ივარგოს, ხოლო მასზე ნაკლებად ნიჭიერმა, შრომის ხარჯზე, მოახერხოს და ნიჭიერზე უკეთესი სპორტსმენი გამოვიდეს. ყველას უნდა ჰქონდეს მიზანი დასახული, სპორტსმენისთვის სტიმული უნდა იყოს ეროვნულ გუნდში მოხვედრა, საქართველოს ღირსების დაცვა, კვარცხლბეკზე დადგომა, დროშის აწევა, ჰიმნის გაჟღერება – ამაზე დიდი ბედნიერება სპორტსმენისთვის რა უნდა იყოს.

 საქართველოში წყალბურთის „ბუმი“ ბოლო პერიოდში დაიწყო, როდესაც ნაკრებმა წარმატებას მიაღწია. ეს ყველაფერი ნატურალიზებული სპორტსმენების მოწვევის ხარჯზე მოხდა. როგორ ფიქრობთ, იმ მომენტში ეს რამდენად სწორი ნაბიჯი იყო და მოხდება თუ არა იგივე ახლო მომავალში?

 კარგი ფაქტი იყო. მათი ხელშესწყობით გავედით პირველად ევროპის ჩემპიონატზე. ორი მათგანი ახლაც ნაკრებშია, გვერდით უდგანან ქართველ ბიჭებს და შედეგიც მეტ-ნაკლებად გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ კარგი შედეგია.

– ამ დაინტერესების ფონზე, შევსება არცთუ სწრაფი ტემპით უნდა განვითარდეს, რადგან წყალბურთი მაინც სპეციფიკური სპორტის სახეობაა.

– რა თქმა უნდა. შესაძლოა, ვინმე მოვიდეს და თქვას, რომ წყალბურთელობა უნდა, მაგრამ ეს ასე არ არის. ელემენტარულად, წყალბურთელი რომ გახდე, ცურვა უნდა იცოდე ძალიან მაღალ დონეზე. დიდი წყალბურთელობა იწყება ცურვიდან. თუმცა, ინტერესი იზრდება.

– როგორც ვიცით, წყალბურთში უკვე რამდენიმე კლუბია. ამ სისტემაზე გადასვლა უკეთესია?

 კლუბები თვითდაფინანსებაზე არიან. არსებობენ კეთილი ადამიანები, ძველი სპორტსმენები, გულშემატკივრები ან მშობლები. თორემ ისე, ჩვენი ხარჯებით ვახერხებთ შეკრებების გავლას.

 წყალბურთის გარდა, ცურვასაც ასწავლით. ამ თვალსაზრისით რა ხდება, როგორი ტენდენციაა დაინტერესების მხრივ?

 ჩვენი სკოლის წარმომადგენლები, როგორც წესი, პირველი ადგილით ბრუნდებიან შეჯიბრებებიდან. თუმცა, ძირითადი აქცენტი უფრო გამაჯანსაღებელ სპორტზე აქვთ გადატანილი. ან მშობელს შემოჰყავს, რადგან დაცხა, ან უნდა, ცურვა ისწავლოს. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, დაგვინახავს პერსპექტიული ბავშვი და გადაგვიყვანია ცურვაზე. ერთია, 13-14 წლის ბავშვისთვის ცურვა და წყალბურთელობა უკვე დაგვიანებულია. პატარა ასაკიდან, 7-8 წლიდან უნდა დაიწყონ, თუ უნდათ, სპორტს გაყვნენ. ერთ ფაქტზე მინდა გავამახვილო ყურადღება. საქმე ის არის, რომ ცურვის მხრივ, კატასტროფაა. მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰქონია, რომ ცურვა იცის, მაგრამ ასე არ არის და სწორედ ამიტომაც მთავრდება ხშირად ფატალური შედეგებით ადამიანების დასვენება. ხშირად მინახავს ჩვენს აუზზე მოსული ასაკოვანი ხალხი, ვისაც ექიმმა ცურვა დაუნიშნა, მაგრამ არ იციან. ამასთან, 50-55-60 წლის ასაკში მწვრთნელის აყვანაც ეთაკილებათ. ცურვა უნდა იცოდეს ყველამ. თუმცა, ზოგს წყლის შიში აქვს, რადგან ხშირად ხდება, ბავშვობაში ხელი უკრიათ და წყალში გადაუგდიათ მოზარდები. ეს არაფრით შეიძლება. ბევრი ამბობს, რომ ასე ისწავლა ცურვა, მაგრამ უმეტეს ნაწილს წყლის შიში დასჩემდა. ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, როდესაც ჰგონიათ, რომ ცურვა იციან. ბერჯერ მივსულვარ და მიმიცია შენიშვნა, რომ ტანი უნდა გაასწორონ წყლაში, მიმითითებია, თავი როგორ ჰქონდეთ, სუნთქვა რა დროს შეიკავონ. ესეც ეთაკილებათ და იმ დროს ყველა ჩემპიონია. არადა, საქართველო წყლების ქვეყანაა და მაინც ცურვის პრობლემა გვაქვს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები