ევროთასები

 2018/27/04 19:36

ევროთასები
ცსკა-მ ბეწვის ხიდზე გაიარა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროლიგის ფლეი-ოფის მეოთხე შეხვედრაში ხიმკი ცსკა-ს მასპინძლობდა. სტუმრები სერიაში უდავო ფავორიტები იყვნენ. მათ საკუთარ კედლებში ორივე შეხვედრა მოიგეს. მესამეში კი ხიმკი გამოვიდა გამარჯვებული. ამჯერად, მასპინძლები იმავეს გამეორებას შეეცადნენ, თუმცა, სულ მცირე დააკლდათ – 88:89.

შეხვედრა თანაბრად დაიწყო, მაგრამ მეოთხედის მიწურულს, ცსკა-მ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – 32:25. ამის შემდეგ სტუმრების დომინირება გაგრძელდა. სხვაობა გაზარდეს, და ის 10 ან მეტი გახლდათ. შესაბამისად, ტაიმი მათი მარტივი გამარჯვებით (57:44) დასრულდა.

ვერავინ იფიქრებდა ხიმკის თამაშში დაბრუნებას, მით უფრო, რომ მესამე მეოთხედის დასრულებამდე, 4 წუთი ადრე, სტუმრები 17 ქულით იგებდნენ. მასპინძლებმა მცირე სასწაული შემოგვთავაზეს და ჩამორჩენა 6-მდე დაიყვანეს – 65:71. ეს ანგარიში კი ბრძოლას მოასწავებდა. ყველაზე დაძაბული და დრამატული სწორედ მეოთხე ათწუთეული აღმოჩნდა. მარკოვიჩის სამიანი სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა, მაგრამ სტუმრებმა მეტოქის ჩავარდნით ისარგებლეს და 14 ქულით გალიდერდნენ. ამით ჯერ არაფერი დასრულებულა. მასპინძლებმა შეძლეს და სტატუს-კვო აღადგინეს – 80:83. დასრულებამდე 1 წუთით ადრე კი შვედის სამქულიანით ხიმკი უკვე წინ გავიდა. 21 წამი იყო დარჩენილი, როდესაც სერხიო როდრიგესმა აუღელვებლად ორი საჯარიმო გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. შეტევა მასპინძლებს დარჩათ, მაგრამ ცსკა-მ უმალვე ჯარიმა აიღო. საჯარიმო ხაზთან ენტონი გილი დადგა. მას სეზონში 99 ნასროლიდან, 74 ჩაგდებული ჰქონდა. პირველი გამოიყენა, მეორე კი კალათმა არ მიიღო. სტუმრებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს. კორი ჰიგინსმა კი, 5 წამით ადრე, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 89:88.

სტუმრებს სწორედ კორი ჰიგინსმა ულიდერა – 20 ქულა. 14 ჰქონდა ანდრეი ვორონცევიჩს.

მასპინძლებში კი უდავო ლიდერი ალექსეი შვედი იყო, მან 36 ქულა ჩააგდო, რითაც ევროლიგის წლევანდელ სეზონში 740 ქულა დაუგროვდა. დანარჩენ კალათბურთელებს კი 10 და ნაკლები ქულები ჰქონდათ. ფაქტობრივად, მარტო შვედი ეთამაშებოდა მთელ ცსკა-ს. სამწუხაროდ, მისი შრომა ვერ დაფასდა.

საბოლოოდ, ცსკა ოთხთა ფინალში ითამაშებს. მას 7-ჯერ აქვს ევროლიგა მოგებული (1960/61, 1962/63, 1968/69, 1970/71, 2005/06, 2007/08, 2015/16).



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები