ეროვნული ლიგა 2

 2018/12/05 02:33

ეროვნული ლიგა 2
ჩელებაძე: „ჯინო ფერედაისს“ შუქურას შეძენა სურს
ავტორი
თამარ ლამპარაძე

 

ქობულეთის შუქურამ სეზონი ცუდად დაიწყო. მისი წარუმატებლობა, გარკვეულწილად, ვარჯიშისთვის არახელსაყრელი პირობებით იყო გამოწვეული. გამომდინარე იქიდან, რომ მოედანზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, გუნდს ვარჯიში, ძირითადად, სოფლების (ოჩხამური, ბობოყვათი) მოუწყობელ მოედნებზე  უწევს.

რა სამუშაოები მიმდინარეობს,  ამჟამად, „ჩელე არენაზე“, როდის დასრულდება  მოედნის რეაბილიტაცია და  რა სამომავლო გეგმები აქვს  გუნდს?  Sport24-ის შეკითხვებს  ქობულეთის  შუქურას  პრეზიდენტი, რევაზ  ჩელებაძე, პასუხობს.

– 11 ტურის  შემდეგ,  შუქურა ბოლო ადგილზეა და 7 ქულით  ჩამორჩება მასზე წინ მყოფ სამგურალს. რით ახსნით სეზონის ასეთ ცუდ დასაწყისს?

 – არ ველოდით ასეთ წარუმატებელ დასაწყისს, მაგრამ საქმე ისაა, რომ სტანდარტული სავარჯიშო მოედანიც არ გვაქვს, სადაც გუნდი  სრულყოფილად ვარჯიშს შეძლებს. გარკვეულწილად, ასეთ დასაწყისზე ჩვენმა არახელსაყრელმა პირობებმაც იმოქმედა. აღსანიშნავია ისიც, რომ  დაცვის პოზიციაც სუსტი გვაქვს.

– უკანასკნელ სამ ტურში შუქურა ავთანდილ ნამგალაძემ გაიყვანა  სათამაშოდ. მას დროებით მწვრთნელად განიხილავთ, თუ მისცემთ მინიმუმ მეორე წრის დასრულების  შესაძლებლობას?

– ამ წრეში ავთანდილ ნამგალაძე ისევ იქნება. მაგრამ  მოლაპარაკება მიმდინარეობს ვიტ ჯორჯიას ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, თენგიზ კობიაშვილთან. ის  სერიოზული და გამოცდილი პროფესიონალია. უახლოეს მომავალში, დაგეგმილია ჩვენი შეხვედრა. იმედია შევთანხმდებით და გუნდს ახალი მწვრთნელი ეყოლება.

– ზაფხულში, ალბათ, შემადგენლობის  გაძლიერებაზე იზრუნებთ. გაქვთ მონახაზი რამდენ ფეხბურთელს დაიმატებთ?

– მოგეხსენებათ, ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული. ჯერ არ გვაქვს ამის საშუალება. მეორე წრისთვის უკვე ფინანსებიც გვექნება და რამდენიმე ახალ ფეხბურთელსაც დავიმატებთ.

– გუნდის გადასახედიდან გამომდინარე, რა პოზიციას სჭირდება  გაძლიერება?

– პირველ რიგში, დაცვა არის გასაძლიერებელი. ასევე, მარჯვენა და მარცხენა მცველის პოზიციები. საჭიროა აგრეთვე,  მეკარის და ნახევარმცველის დამატებაც.

– ხომ არ იგეგმება ბრაზილიელი მარსელინიოს  გუნდში დაბრუნება?

– დიახ, იგეგმება.  ივლისის თვეში  მარსელინიო  დაბრუნდება.

– რა პირობებში გიწევთ  ვარჯიში?

– სავარჯიშოდ ქობულეთის სოფლებში დავდივართ, სადაც არ არის ნორმალური პირობები, რადგან სოფლის სტადიონის ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, მოუწესრიგებელია. ასეთი რთული პირობებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, ახლა გადარჩენისთვის ვიბრძვით, მომავალი წლიდან კი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის ვიბრძოლებთ.

– რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს  „ჩელზე არენაზე“ და როდისთვის დასრულდება?

– ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით, მაღალი ხარისხის ბალახი იგება. აქვე, ქობულეთის გამგეობის დაფინანსებით, კეთდება სავარჯიშო მოედანიც. ზაფხულის ბოლოს, მთავარი მოედანის ინფრასტრუქტურა დასრულდება და სექტემბრიდან შევძლებთ მოედანზე თამაშს. ქობულეთის მერიამ გამოგვიყო 276 ათასი ლარი, რითაც სავარჯიშო მოედანი გაკეთდება, მაგრამ ჯერჯერობით, საკრებულოს ბიუჯეტი დამტკიცებული არ აქვს. როგორც კი  თანხას დაამტკიცებენ, გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება მოედნის მშენებლობაც.

 

 

– ფინანსურად  როგორი მდგომარეობაა შუქურაში. „ფონდის ფულის“ გარდა, სხვა შემოსავალი თუ აქვს კლუბს?

– მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ჯინო ფერედაისის“ გენერალურ დირექტორთან, ნოდარ გიორგაძესთან, რომელმაც გამოთქვა სურვილი, თუ სახელმწიფო  დაუდგება გვერდით და გადასცემს ქობულეთში მიწის ნაკვეთს, საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის, ამ შემთხვევაში, ის ყოველწლიურად,  შუქურას 300 ათასი ლარით დააფინანსებს. ასევე, გაუკეთებს სამ სავარჯიშო მოედანს. წელს აპირებს, ბობოყვათის სტადიონი მოაწყოს, რათა გუნდს სავარჯიშოდ უკეთესი პირობები ჰქონდეს. აგრეთვე, გეგმავს საფეხბურთო კლუბს ბუნგალოს ტიპის სასტუმრო აუშენოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს  მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდება.

– საუბარია სპონსორობაზე თუ კლუბის ყიდვაზე ?

– თუ  სახელმწიფო გადაწყვეტს, „ჯინო ფერედაისი“ ბიზნესის განვითარების მიზნით, ქობულეთში შემოვიდეს, მაშინ ნოდარ გიორგაძე გეგმავს, რომ  ჯერ დააფინანსოს გუნდი, შემდეგ კი  მის საკუთრებაშიც გადავა.

– ვის მიიჩნევთ, მიმდინარე სეზონში  ეროვნულ ლიგაში გადასვლის მთავარ პრეტენდენტად?

– ვიტ ჯორჯიას და ბათუმის დინამოს. ასეთი ჩავარდნა რომ არ გვქონოდა, ჩვენც ერთ-ერთი სერიოზული ძალა ვიქნებოდით.

– რა არის შუქურას მიზანი?

– პირობებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენ უმაღლეს ლიგაში ვერ დავბრუნდებით, მაგრამ  პირველ ლიგაში შევინარჩუნებთ ადგილს და თუ სასწაული მოხდება, სამეულისთვისაც ვიბრძოლებთ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები