ჩოგბურთი

 2019/26/08 21:43

ჩოგბურთი
ბოლქვაძემ დებიუტი სენსაციური გამარჯვებით აღნიშნა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ახალგაზრდა ქართველ ჩოგბურთელს, მარიამ ბოლქვაძეს, დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში დებიუტი ჰქონდა. 21 წლის ჩოგბურთელმა კვალიფიკაციაში სამი თამაში მოიგო და ძირითად ბადეში დამსახურებული ადგილი მოიპოვა.

მისი პირველი მეტოქე ბერნარდა პერა იყო. ამერიკელი მატჩის ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა, ჩვენებურმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია და სამ სეტში მოუგო. არადა, საქმე ისე მიდიოდა, რომ ბოლქვაძეს გამარჯვება ნაადრევადაც შეეძლო. პირველ სეტში პირველი ბრეიქი მეექვსე შანსზე გამოიყენა, რასაც სეტის ბოლოს მეორეც მიაყოლა – 6:3. მეორეც მისივე აქტიურობით დაიწყო და მერვე გეიმში დიდი ბრძოლა გაჩაღდა. მარიამმა ისევ მეექვსე ცდაზე დააბრეიქა და მატჩზე ჩასაწოდებლად მოემზადა. ამერიკელმა მეორე ცდაზე საწადელს მიაღწია და პირველი ბრეიქი შეასრულა, რასაც მეორე მიაყოლა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა – 7:5.

გადამწყვეტი სეტი მეტოქის უპირატესობით დაიწყო და ბოლქვაძემ მესამე ჩაწოდებაც დათმო. უკუბრეიქი მეოთხე გეიმში შედგა, მაგრამ პერამ ისევ ივარგა და წინ გაიჭრა. მისი ლიდერობა დიდხანს არ გაგრძელებულა და მარიამმა სტატუს-კვო მერვე გეიმში აღადგინა. მისი მორიგი ჩაწოდება გარდამტეხი აღმოჩნდა. ორი მოგერიებული ბრეიქ ფოინთის შემდეგ, გეიმი ჩვენებურს დარჩა, რასაც მეტოქის ჩაწოდების აღება და თამაშის მოგება მოჰყვა – 6:4.

უშეღავათო ბრძოლა 2 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. ჯამში, 216 ქულა გათამაშდა, საიდანაც ბოლქვაძემ 111 მოიგო. მასვე 2 ეისთან ერთად, 5 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. ჩვენებურის მორიგი მეტოქე მსოფლიოს მესამე ჩოგანი, კაროლინა პლიშკოვა იქნება. მარიამ ბოლქვაძეს რთული გამოცდა ელის.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები