ლეგიონერები

 2019/05/06 16:03

ლეგიონერები
ბითაძეს MVP-ის ჯილდო ნიკოლა იოკიჩმა გადასცა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მიმდინარე სეზონში გოგა ბითაძე ცრვენა ზვეზდას ორი სხვადასხვა გუნდის რიგებში დაუპირისპირდა, მაგრამ წარმატებას ვერც ერთხელ მიაღწია. ადრიატიკის ლიგის ფინალში ჩვენებურის ბუდუჩნოსტმა სერიის გადამწყვეტი შეხვედრა მარტივად დათმო, ხოლო მეგა ბიმაქსში დაბრუნებულ ცენტრს გზად კვლავ ცრვენა ზვეზდა შეხვდა. თამაშის დაწყებამდე, გოგა ბითაძეს მორიგი ჯილდო გადაეცა. ჩვენებური სერბეთის სუპერლიგის MVP გახდა. პრიზი სერბმა ცენტრმა, ნიკოლა იოკიჩმა გადასცა.

რაც შეეხება უშუალოდ ნახევარფინალს. ცრვენა ზვეზდამ შინ 83:72 მოიგო და ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა. სამწუხაროდ, მეგამ ვერც საკუთარ მოედანზე იმარჯვა და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეხვედრა ძალიან სანახაობრივად და თანაბრად წარიმართა. საწყისს მეოთხედში ლიდერი 11-ჯერ შეიცვალა და სოლიდური უპირატესობა ვერც ერთმა მოიპოვა. მეორე ათწუთეულში ანგარიში 30:30 იყო, რა დროსაც სტუმრები 14 ქულით გაიქცნენ, მაგრამ მეგამ საპასუხო გაქცევით ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ტაიმის მიწურულს, წინაც გავიდა – 50:49.

დიდი შესვენების შემდეგ, მასპინძლები უპირატესობას ინარჩუნებდნენ, თუმცა, ბოლოსკენ ცრვენამ იძალა და მეოთხე ათწუთეულს ლიდერის ამპლუაში შეხვდა – 73:72. ბევრი მცდელობის მიუხედავად, მეგა ბიმაქსი წინ ვეღარ გავიდა და მხოლოდ ჩამორჩენის მინიმუმამდე დაყვანა გამოსდიოდათ. ცრვენა ზვეზდამ იმარჯვა და ფინალშიც გავიდა – 96:91.

გოგა ბითაძეს თამაში არ წაუვიდა, რასაც 5 ჯარიმა და მოედნის ნაადრევად დატოვება დაერთო. ჯამში, 25 წუთში 5 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა. მან 5-დან 1 საშუალო და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. 

მეორე ნახევარფინალში პარტიზანი ბელგრადს 1:0-ს უგებს. წყვილში დამარცხებული მეგას მესამე ადგილისთვის შეეცილება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები