ლეგიონერები

 2019/09/01 01:10

ლეგიონერები
ბასკონიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება ქარს გაატანა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროლიგის მე-17 ტურში ბასკონია ოლიმპიაკოსს ესტუმრა. შენგელიას არყოფნის გამო, ესპანელებს გამარჯვების შანსები უფრო შეუმცირდათ, თუმცა, წარმატება ძალიან ახლოს იყო.

ბასკონიამ ძლიერ მეტოქეს არაფერი დაუთმო და საწყისი სამი მეოთხედი მოიგო კიდეც. დასკვნით ათწუთეულში სხვაობა 9 ქულას შეადგენდა. ამის მიუხედავად, ბერძნებმა შეხვედრის გადარჩენა მაინც მოახერხეს. თამაშის დასრულებამდე 11 წამით ადრე, ვილდოზას საჯარიმოებით, სტუმრები 3 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ სამი წამით ადრე, პაპანიკოლაუმ მეხუთე სამიანი ჩააგდო და ანგარიშიც გაათანაბრა – 80:80.

ოვერტაიმში მასპინძლები შეუჩერებელნი გახდნენ და 7 ქულით დაწინაურდნენ, რითაც თამაშის ბედი გადაწყდა – 91:87.

მეტ ჯენინგს სროლები არ წაუვიდა. ნატურალიზებულმა კალათბურთელმა ჯამში, 15-ჯერ ისროლა, საიდანაც მხოლოდ სამი ჩააგდო. მის ანგარიშზე ერთი საშუალო და ორი სამიანია. ამასთან, 1 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრაც მიითვალა.

შეხვედრაში საუკეთესო კოსტას პაპანიკოლაუ იყო, ვინც 22 ქულა ჩააგდო. ბერძენმა 7-დან 6 სამიანი და ოთხივე საჯარიმო გამოიყენა, რითაც მარგი ქმედების კოეფიციეტი 31-ს გაუტოლდა.

7 მოგებითა და 10 მარცხით, ესპანელები მე-10 პოზიციაზე არიან. ბასკონიას მორიგი მეტოქე გრან კანარია იქნება. შეხვედრა 11 იანვარს, 23:30 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები