ჩოგბურთი

 2019/27/08 01:30

ჩოგბურთი
ბასილაშვილმა იმარჯვა და მოულოდნელ მეტოქეს შეხვდება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მიმდინარე წელს, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მარტონ ფუჩოვიჩის მეხუთე შეხვედრა ჩვენებურის გამარჯვებით დასრულდა. ამჯერად, ისინი ამერიკის ღია პირველობის პირველ ეტაპზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და დაძაბული შეხვედრის გამარჯვებული მეხუთე სეტმა გამოავლინა.

წინა დაპირისპირებების მსგავსად, ბრეიქების წვიმა ამ შეხვედრაშიც იყო. ჩოგბურთელებმა ჩაწოდებები ერთმანეთს 17-ჯერ წაართვეს. პირველში უკეთ უნგრელი თამაშობდა და 3 ბრეიქი შეასრულა, ხოლო თავად ერთხელ დაბრეიქდა – 6:3. მეორეში უკვე ნიკოლოზი გააქტიურდა და 6:4 იმარჯვა.

მესამე სეტიც მისივე აქტიურობით წარიმართა და ზედიზედ ორი ბრეიქით 5:1 დაწინაურდა. ბოლო გეიმებში ფუჩოვიჩს ექვსი ბრეიქ ფოინთი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, ბასილაშვილმა სეტი მესამე ცდით მოიგო – 6:2. მეოთხე სეტის პირველი ოთხი გეიმი ბრეიქებში გაილია, ხოლო უნგრელმა გადამწყვეტი უპირატესობა მეცხრე გეიმში მოიპოვა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა – 6:3.

გადამწყვეტ სეტში ფუჩოვიჩმა შესანიშნავად დაიწყო და ბრეიქით 3:1 დაწინაურდა. საბედნიეროდ, ბასილაშვილმა ძალები მოიკრიბა, ზედიზედ 5 გეიმი აიღო (2 მეტოქის ჩაწოდებაზე) და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა – 6:3.

3 საათსა და 46 წუთს გაგრძელებულ დაპირისპირებაში 293 ქულა გათამაშდა, საიდანაც 153 ჩვენებურმა მოიგო. მასვე 1 ეისთან ერთად, 7 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. ჩვენებურის მორიგი მეტოქე ჯენსონ ბრუკსბი იქნება, ვინც გათამაშებიდან, ერთ დროს მსოფლიოს რეიტინგის ათეულის წევრი, ტომაშ ბერდიხი გამოთიშა – 3:1. 18 წლის ამერიკელი მსოფლიოს 394-ე ჩოგანია. შეხვედრა 28 აგვისტოს, 19:00 საათზეა ჩანიშნული. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები