ჩოგბურთი

 2019/30/08 01:05

ჩოგბურთი
ბასილაშვილმა გვანერვიულა, მაგრამ იმარჯვა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაზე წარმატებულ სვლას აგრძელებს. მეორე რაუნდში ჩვენებური ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

გამარჯვება მარტივად არ მოსულა და ბასილაშვილმა ქართველი გულშემატკივარი ძალიან ანერვიულა. გარკვეული პერიოდი ამერიკელმა მაღალ დონეზე ჩაატარა და დიდ უპირატესობასთან ახლოს იყო. პირველი თამაშის მსგავსად, ამჯერადაც ბრეიქები ჭარბობდა. ჯამში, ჩოგბურთელებმა ერთმანეთს ჩაწოდებები 16-ჯერ წაართვეს.

პირველი სეტი სრულად ბრუკსბის იყო, ვინც პირველივე ცდით დააბრეიქა და სეტი ისე მოიგო, რომ ნიკოლოზს უკუბრეიქის შანსი არ ჰქონია – 6:3. მეორეში 18 წლის ჩოგბურთელმა უპირატესობა განიმტკიცა და მორიგი ორი ბრეიქი შეასრულა, რითაც 4:0 დაწინაურდა. საბედნიეროდ, ბასილაშვილი გამოცოცხლდა და ორი უკუბრეიქი შეასრულა. ამასთან, მეტოქის ჩაწოდებაზე სეთ ფოინთი გადაარჩინა. ტაი-ბრეიქზე მანვე ორი მინი-ბრეიქი შეასრულა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა – 7:6.

მესამე სეტი გარდამტეხი აღმოჩნდა, რომელშიც 7 ბრეიქი იყო. წინ ხან ერთი, ხან მეორე მოთამაშე გადიოდა. საბედნიეროდ, მე-11 გეიმში ნიკოლოზმა მორიგი ბრეიქით სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა – 7:5. მეოთხე სეტში შედარებით მარტივი თამაში წარიმართა და ორი ბრეიქის ხარჯზე, ჩვენებური 3:0 დაწინაურდა. დარჩენილ დროში ჩოგბურთელებმა ჩაწოდებები გაცვალეს და საბოლოოდ, 6:3-ის მოგებით ბასილაშვილი მესამე რაუნდში გავიდა.

შეხვედრა სამ საათზე ოდნავ მეტ დროს გაგრძელდა და ჯამში, 277 ქულა გათამაშდა, საიდანაც ნიკოლოზმა 144 მოიგო. მასვე 5 ეისთან ერთად, 15 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. თუმცა, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. ბასილაშვილმა მოგება დაიმსახურა, რითაც ლაივ ცხრილში სარეკორდო, მე-15 პოზიციაზე გადავიდა. მისი მორიგი მეტოქე გერმანელი დომინიკ კოეფერი იქნება, ვინც რეილი ოპელკა, მოულოდნელად, სამ სეტში დაამარცხა. ქართულ-გერმანული სადებიუტო დაპირისპირება 30 აგვისტოს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები