ჩოგბურთი

 2019/02/07 17:53

ჩოგბურთი
ბასილაშვილის საოცარი ქამბექი უიმბლდონზე
ავტორი
სულხან არჯევანიძე

უიმბლდონის დიდი სლემის ტურნირის პირველ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართველი გულშემატკივრები ცოტა ანერვიულა, თუმცა, გამარჯვება მაინც მოიპოვა.

ჩვენებურის მეტოქე ბრიტანელი ჯეიმს უარდი იყო. მსოფლიოს 195-ე ჩოგანმა შესანიშნავად დაიწყო და პირველ სეტში ორი ბრეიქი განახორციელა – 6:2. მანვე მეორეში 6:4 იმარჯვა და სერიოზული უპირატესობა მოიპოვა.

ამის მიუხედავად, ბასილაშვილი არ დანებდა. მესამე სეტის დასაწყისში ჩაწოდება ისევ დათმო, მაგრამ უმალვე დაიბრუნა. მე-9 გეიმში მორიგი ბრეიქით სეტებში ჩამორჩენა შეამცირა – 6:4. ჩვენებურმა ინიციატივა ხელთ იგდო და მეოთხე სეტის დასაწყისში მეტოქე ისევ დააბრეიქა, საკუთარი ჩაწოდებები მარტივად მოიგო და ანგარიშიც გაათანაბრა – 6:4. 

გადამწყვეტი სეტი კვლავ ჩვენებურის უპირატესობით დაიწყო. მეტოქეს ჩაწოდება პირველივე გეიმში წაართვა და გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. დანებებას არც უარდი აპირებდა და მე-10 გეიმში უკუბრეიქი გააკეთა. საბოლოოდ, ბასილაშვილმა მორიგი ბრეიქით 8:6 მოიგო და მეორე ეტაპზე გავიდა.

ხუთსეტიანი თრილერი 3 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა. ჯამში, 335 ქულა გათამაშდა, საიდანაც 171 ბასილაშვილს დარჩა. მასვე 7 ეისთან ერთად, ამდენივე ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

შემდეგ ეტაპზე მისი მეტოქე დანიელ ევანსი იქნება. ბრიტანელმა ფედერიკო დელბონისი სამ სეტში დაამარცხა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები