ჩოგბურთი

 2019/03/01 13:10

ჩოგბურთი
ბასილაშვილი ჯოკოვიჩს მეორედ შეხვდება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მოგეხსენებათ, დოჰას ტურნირის 1/4 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.

ეს დაპირისპირება მათთვის მხოლოდ მეორე იქნება, რაც გასაკვირი არც არის. გასულ სეზონს თუ არ ჩავთვლით, ჩვენებურს დიდ ტურნირებზე თავის გამოჩენა უჭირდა, შესაბამისად, ძლიერ მოთამაშეებთან დაპირისპირებას ვერ ახერხებდა, მათ შორის, ნოლესთანაც.

ნიკოლოზი ფორმაში 2018 წელს შევიდა და გასაკვირი არ არის, რომ პირველი დაპირისპირებაც მაშინ შედგა. მათი გზები რომის მასტერსის 1/16 ფინალში გადაიკვეთა. 

იმის მიუხედავად, რომ სერბმა ორ სეტში იმარჯვა, ეს მარტივი არ ყოფილა. პირველ სეტში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. მეექვსეში ნოლეს ორი ბრეიქ ფოინთი ჰქონდა, მაგრამ უშედეგოდ, ხოლო მომდევნო გეიმში ნიკას დაბრეიქების შანსი 4-ჯერ მიეცა, თუმცა, შესაძლებლობა ვერც მან გამოიყენა. საბოლოოდ, მე-10 გეიმში სერბმა პირველივე ცდით დააბრეიქა, რაც სეტის მოგების ტოლფასი იყო – 6:4. მეორეში ნიკა გატყდა და ორი ჩაწოდება დათმო – 2:6.

ამ დროს, ნიკა ფორმაში ნელ-ნელა შედიოდა და სასურველ შედეგს მალე მიაღწია, რაც ორ მოგებულ ტურნირში გადაიზარდა. 

წარუმატებელი სეზონი არც სერბისთვის ყოფილა, ვინც ტრავმა მოიშუშა და, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო. მან ყველა ბარიერი დაძლია და სეზონი პირველი ადგილით დაასრულა. 

ბასილაშვილისა და ჯოკოვიჩის დაპირისპირება 18:00 საათზეა ჩანიშნული. გამარჯვებულს ნახევარფინალში სტან ვავრინკასა და რობერტო ბაუტისტა-აგუტს შორის გამარჯვებული შეხვდება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები