TOP ჩემპიონატები

 2019/20/06 13:23

TOP ჩემპიონატები
ბარსელონამ რეალი დაამარცხა და ფინალს ინტრიგა შეუნარჩუნა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ლიგა ენდესას ფინალურმა დაპირისპირებამ კატალონიაში გადაინაცვლა. რეალი ბარსელონას სერიაში 2:0-ს უგებდა და ყველაფრის დასრულება შეეძლო. მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს, მეტოქე დაამარცხეს და სერიაში ჩამორჩენა შეამცირეს.

პირველი მეოთხედი თანაბრად წარიმართა და ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. რეალი 5 ქულითაც იგებდა, მაგრამ მიწურულს, ბარსელონა წინ გავიდა – 19:18. ვითარება არც მეორე მეოთხედის დასაწყისში შეიცვალა, ხოლო ბოლო წუთებში რეალი გააქტიურდა, 9:0 გაქცევის შედეგად, ტაიმი 6 ქულის სხაობით მოიგო – 40:34.

დიდი შესვენების შემდეგ, სტუმართა უპირატესობა 11 ქულამდე ავიდა, მაგრამ ჩავარდნა დაეწყოთ, რითაც მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს და 12:0 გაქცევის შემდეგ, ლიდერობა დაიბრუნეს. დასკვნითი მეოთხედის წინ, პაბლო ლასოს შეგირდები 58:56-ს იგებდნენ. სტუმრები უპირატესობას დიდი დროის განმავლობაში ინარჩუნებდნენ და შეხვედრის დასრულებამდე ორწუთ-ნახევრით ადრე, სხვაობა 6 ქულას შეადგენდა. მათდა სამწუხაროდ, დარჩენილ დროში მეტი ქულა ვერ აიღეს. ბარსელონამ 7 ჩააგდო და შეხვედრა მინიმალური სხვაობით მოიგო – 78:77.

ზედიზედ მესამე შეხვედრაში, ბარსელონას ტომა ერტელმა ულიდერა – 21 ქულა. 12 ქულა კრის სინგლტონის ანგარიშზეა. მადრიდელთა მხრიდან, 18-18 ქულა ფაკუნდო კამპაცომ და ტრეი ტომპკინსმა მიითვალეს. 

სერიის მეოთხე შეხვედრა 21 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება. ბარსელონას ტიტულისთვის ბრძოლაში დასარჩენად, მორიგი ბრძოლის გადატანა მოუწევს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები