ესპანეთი

 2019/15/05 22:19

ესპანეთი
ბარსელონა 265 მილიონი ევროს ძიებაში
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბარსელონას მთავარი სამიზნეები ფრენკი დე იონგი, მატიას დე ლიხტი და ანტუან გრიზმანი იქნებიან, რისთვისაც კატალონიელებს 265 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. ისინი ამავდროულად, ხორდი ალბას პოზიციის გაძლიერებასა და იასპერ სილესენის შემცვლელის ძიებას შეეცდებიან.

დე იონგმა ბარსელონასთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, რაც 75 მილიონი ევრო დაჯდა. მისი თანაგუნდელის, მატიას დე ლიხტის ფასი 70 მილიონ ევრომდე მერყეობს. ხოლო გრიზმანის შესაძლო ტრანსფერი ატლეტიკოსთვის 120 მილიონი ევროს გადახდას გულისხმობს. 

ამ დროისთვის, კატალონიელები მხოლოდ ჰოლანდიელი ნახევარმცველის თანხას გაწვდნენ, ხოლო დარჩენილი 190 მილიონი საშოვნი აქვთ. საამისოდ, კლუბში მოთამაშეების შემცირება გახდება საჭირო. ფაქტია, ლიონელ მესი ხელშეუხებელია, ხოლო პოტენციურ წამსვლელთა სია შემდეგნაირია:

ფილიპე კოუტინიო 

ბარსელონამ ბრაზილიელი ტრანსფერზე დააყენა და მისი ფასი 100 მილიონ ევროს შეადგენს. კოუტინიოთი ჩელსი ინტერესდება, რომელიც ედენ აზარის შემცვლელს ეძებს, მაგრამ ყველაფერი სატრანსფერო ბანის ვერდიქტზეა დამოკიდებული.

სამუელ უმტიტი

ერთ დროს ბარსელონას დაცვის შეუცვლელ წევრს ტრავმები მოუხშირდა. ფრანგი, შესაძლოა, მატიას დე ლიხტის ტრანსფერს შეეწიროს. თუმცა, მისი გაყიდვა მარტივი არ იქნება, რადგან ტრავმა ბოლომდე არ მოუშუშებია და თავადაც არ აქვს გუნდის დატოვების სურვილი.

ივან რაკიტიჩი

იმის მიუხედავად, რომ ვალვერდეს ერაში ხორვატი გუნდის ძირითადის წევრია, ბარსელონა მის გაყიდვას მაინც აპირებს. ივანის სატრანსფერო ფასი 50 მილიონი ევროა და ასეთი დონის ფეხბურთელის დამატებას არც ერთი კლუბი იუარებს.

იასპერ სილესენი

ჰოლანდიელმა უკვე განაცხადა, რომ კლუბის დატოვება სურს. მას 30 მილიონ ევროდ შეელევიან, თუმცა, პოტენციური მყიდველი არ ჩანს. 

მალკომი

41 მილიონ ევროდ ნაყიდმა ბრაზილიელმა მოლოდინი ვერ გაამართლა. მას ლიმიტირებული დრო აქვს და „კამპ ნოუს“ დატოვების ერთ-ერთი კანდიდატია.

ანდრე გომეში

პორტუგალიელი ევერტონშია განათხოვრებული და პრემიერ ლიგაში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. მისი შეძენით ტოტენჰემია დაინტერესებული, ხოლო ბარსელონა გომეშს 20-25 მილიონ ევროდ შეელევა.

დენის სუარესი

სუარესი იანვარში არენდით არსენალში გადავიდა, მაგრამ სათამაშო დრო ინგლისშიც არ ჰქონია. მისი მომავალი ბუნდოვანია, ხოლო სატრანსფერო ფასი ცნობილი არ არის.

მარკ კუკურელია

ბარსელონა კუკურელიას ეიბარიდან დაბრუნებას 4 მილიონ ევროდ აპირებს, რის შემდეგაც, მას 10 მილიონ ევროდ გაყიდის. 

ნელსონ სემედუ

პორტუგალიელ მცველს უფრო მეტი სათამაშო დრო სურს. მისი წასვლის წინააღმდეგი ბარსელონაც არ გახლავთ. მის მიმართ ინტერესი რამდენიმე კლუბს აქვს. ესპანელები სემედუს 35 მილიონი ევროს ფრაგლებში შეელევიან.

რაფინია

ბრაზილიელი კლუბის დატოვებასთან ახლოსაა, თუმცა, უმტიტის მსგავსად, მისი გაყიდვა მარტივი არ იქნება. რაფინიას ტრავმებისადმი მიდრეკილების გამო, პოტენციური მყიდველის პოვნა რთული იქნება.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები