დიდი 10

 2018/22/04 15:04

დიდი 10
ბათუმმა ლელო სარასენსს აჯობა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დიდი 10-ის ფლეი-ოფის მესამედფინალში ბათუმმა, საკუთარ კედლებში, ლელო სარასენსი მიიღო. შავიზღვისპირელები რეგულარულში მეოთხე ადგილზე გავიდნენ, ლელო კი მეხუთეზე. ამის გათვალისწინებით, უშეღავათო ბრძოლა იყო მოსალოდნელი, მაგრამ მატჩი მასპინძლებმა მარტივად მოიგეს – 30:8.

ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა. საჯარიმო ბახვა კობახიძემ გამოიყენა და ბათუმი დააწინაურა. 10 წუთში სტუმრებმა ლელოს დადება მოახერხეს, მისი ავტორი ალექსანდრე ხეცოიძეა. ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახვა ვერ გამოიყენა. 29-ე წუთზე მან, ამჯერად, საჯარიმო შეასრულა უნაკლოდ და ანგარში 8:3 გახდა. 3 წუთში მორიგი ჯარიმა გამოიყენა ბახვა კობახიძემ. მალევე კი, ლელო სარასენსს რევაზ დუგლაძე გაუძევეს 10 წუთით. ამით მასპინძლებმა ისარგებლეს და ტაიმის მიწურულს, გიორგი გოგიტიძემ ლელო დადო. ბახვა კობახიძის გარდასახვით კი ტაიმის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 13:8.

მეორე ნახევარში ბათუმმა დიდი უპირატესობა მოიპოვა. მათ მორიგი ლელოს დადება 55-ე წუთზე შეძლეს, რომელიც ზურა ერისთავის ანგარიშზეა. ბახვა კობახიძემ გარდასახვით 12 ქულამდე გაზარდა სხვაობა. 62-ე და 64-ე წუთებზე მთავარ არბიტრს კვლავ მოუწია სინ ბინის ჩვენება. ჯერ მასპინძელთაგან ლაშა ხმალაძე გააფრთხილა, შემდეგ კი ლელოს მორაგბე, ირაკლი მაჭარაშვილი. დანაკლისის ფონზე შედეგიანობამ იკლო. მხოლოდ 72-ე წუთზე მოახერხა კობახიძემ მორიგი ქულების მოპოვება, ამჯერად, ჯარიმიდან. საბოლოო შედეგი მატჩის მიწურულს დაფიქსირდა. გიორგი თედორაძის ლელოთი ბათუმმა მეტოქეს სძლია. კობახიძემ მორიგი, მე-15 ქულა მოიპოვა – 30:8.

მორიგ ეტაპზე, ბათუმის მეტოქე, გორის წარმომადგენელი, ჯიქი იქნება.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები