სხვადასხვა

 2019/12/09 19:39

სხვადასხვა
ამერიკის შეერთებული შტატები სერბეთთანაც დამარცხდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

13 წლის განმავლობაში დაუმარცხებელმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. გრეგ პოპოვიჩის შეგირდები სერბეთთან ისე დამარცხდნენ, რომ თამაშში არ გალიდერებულან.

ორი ნაკრები, რომელიც ნახევარფინალისტებად და ტურნირის მთავარ ფავორიტებად განიხილებოდნენ, ერთმანეთს მე-5 ადგილისთვის საბრძოლველ ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ. 1/4 ფინალში ამერიკელები ფრანგებთან, ხოლო სერბები არგენტინელებთან დამარცხდნენ. ყველაფრის მიუხედავად, ამ ორი გიგანტის დაპირისპირება მაინც სანახაობრივად წარიმართა.

პირველ მეოთხედში ევროპელებმა მაღალ დონეზე იასპარეზეს და მეტოქე პერიმეტრიდან დაბომბეს. მათ 9 მცდელობიდან 8 სამქულიანი გამოიყენეს, ხოლო საშუალოდან მხოლოდ ერთი ტყორცნა ჩააგდეს და 32:7 მოიგეს. ამერიკელთა ასეთ უსუსურ თამაშს არავინ მოელოდა. პოპოვიჩმა მოთამაშეებს შეუძახა და ამერიკელებმაც მოუმატეს. მათ 30:10 გაქცევა განახორციელეს და ტაიმი მხოლოდ 40:44 დათმეს. ამასთან, მეორე ათწუთეულში სერბებს სროლები აღარ მისდიოდათ და პერიმეტრიდან შვიდივე ტყორცნა გააცუდეს. 

დიდი შესვენების შემდეგ, ამერიკელები თამაშში დარჩნენ და მეტოქეს გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ, მაგრამ თავად წინ ვერ გადიოდნენ. მათი მაქსიმუმი სხვაობის 2 ქულამდე შემცირება გახლდათ. დასკვნითი მეოთხედის წინ ევროპელები 71:68-ს იგებდნენ. უკანასკნელი ათწუთეულის სტარტზე კი სერბებმა გაქცევა განახორციელეს და 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც ხელიდან აღარ გაუშვიათ და საბოლოოდ, 94:89 იმარჯვეს. 

მეორე შეხვედრაში პოლონეთი ჩეხეთს დაუპირისპირდა და 84:94 დამარცხდა. წინა მატჩისგან განსხვავებით, ევროპული ჯახი უფრო კონკურენტული გამოდგა და ლიდერი 17-ჯერ შეიცვალა. პოლონელები პირველ მეოთხედს 9 ქულით იგებდნენ, მაგრამ ჩეხებმა ანგარიში გაათანაბრეს – 23:23. გარკვეული პერიოდი ტეილორის შეგირდები კვლავ დომინირებდნენ, თუმცა, ჩეხებმა მიწურულს 12:2 გაქცევა განახორციელეს და ტაიმი 43:38 მოიგეს.

თითქოს ფავორიტად მიჩნეულ ჩეხეთს აღარ უნდა გაჭირვებოდა. მესამე მეოთხედიც მათივე ლიდერობით მიმდინარეობდა, მაგრამ პოლონელებმა წინ გასვლა შეძლეს, ხოლო დასკვნით მეოთხედში „საქანელა“ თამაში წარიმართა. ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, გადამწყვეტი უპირატესობა ჩეხებმა მოიპოვეს და 94:84 იმარჯვეს.

შედეგებიდან გამომდინარე, სერბეთი და ჩეხეთი მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებენ, ხოლო აშშ პოლონეთს მეშვიდე ადგილისთვის დაუპირისპირდება. ამასთან, ხვალ ორი ნახევარფინალი გაიმართება. 12:00 საათზე ესპანეთი ავსტრალიას შეხვდება, ხოლო 16:00 საათზე საფრანგეთი არგენტინას დაუპირისპირდება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები