ასაკობრივი ნაკრები

 2019/08/06 19:31

ასაკობრივი ნაკრები
აფრიკელებმა გადაგვიარეს. ჩვენთვის მთავარი ახლა იწყება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე შეხვედრაც დიდი ანგარიშით წააგო. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში „უმცროსი ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდნენ და 20:48 დამარცხდნენ. 

მატჩი სამხრეთ აფრიკელთა სრული უპირატესობით წარიმართა. „ქურციკები“ ძალიან მაღალ ტემპში თამაშობდნენ, რაქში ბურთს პრაქტიკულად არ აჩერებენდნენ, ერთი-ერთზე აშკარად ჩაგრავდნენ ჩვენს უკანა ხაზელებს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში და „გადაგვიარეს“ კიდეც. ისიც აუცილებლად აღნიშვნის ღირსია, რომ შერკინებაშიც ვერ მოვახერხეთ ჩვეული უპირატესობის მოპოვება. 

აფრიკელებმა თამაში კარგად დაიწყეს და მატჩის სტარტზევე  შეძლეს ლელოს დადება. ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრებისთვის, თითქოს, კარგი პერიოდი დაიწყო. ჩვენი გუნდი მეტოქის ხუთ მეტრიანში დამკვიდრდა, რაც საბოლოოდ ოთარ ლაშხის ლელოთი დაგვირგვინდა. მალევე, სამხრეთ აფრიკა მოედანზე კაცნაკლული დარჩა, მაგრამ საქართველოს ნაკრების თამაშში კრიზისი დაიწყო და აფრიკელებმაც გადაგვიარეს.

მეორე ნახევარში თამაშის სცენარი დიდად არ შეცვლილა. აფრიკელები უბრალოდ შეუჩერებლები იყვნენ. ქართველებმა კი, მხოლოდ ერთი ლელოს დადება მოვახერხეთ, რომელიც,კვლავ ოთარ ლაშხის ანგარიშზეა.

მაგრამ თამაშის მაჟორულ ნოტაზე დასრულება მაინც მოვახერხეთ. თემურ ჭიჭინაძემ მატჩის ბოლო ლელოს დადება მოხერხა. თედო აბჟანდაძემ კი, ზუსტი გარდასახვით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

საბოლოოდ, 48:20 სამხრეთ აფრიკის სასარგებლოდ და საქართველოს ნაკრების მთავარი მატჩები ახლა იწყება. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები