A ლიგა

 2019/27/03 12:54

A ლიგა
ა ლიგა: რეგულარული სეზონი დასრულდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ა ლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა და გაირკვა ის 4 გუნდი, რომლებიც სუპერლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ.

ბოლო ტურში ბევრი რამ გადაწყდა. პირველ შეხვედრაში არენა-ორბმა თბილისი მიიღო. ამ მატჩში ფლეი-ოფის მეოთხე საგზურის მფლობელის ვინაობა უნდა გარკვეულიყო.

თბილისს 9 თამაშში 1 მოგება ჰქონდა, ისიც მომავალ მეტოქესთან. ხოლო არენა-ორბი გამარჯვების შემთხვევაში, მეოთხე ადგილს განიმტკიცებდა. 

საბოლოოდ, ნომინალურმა მასპინძლებმა ძალიან მარტივად იმარჯვეს (107:80) და მიზანს მიაღწიეს.

მორიგი მატჩი ლიდერებს შორის გაიმართა. პირველადგილოსანი კსუ, მესამეზე მყოფ მეგა ბასკეტს შეხვდა. სტუმრებს მინიმუმ, 23 ქულით უნდა მოეგოთ, რათა პირველზე გასულიყვნენ. ხოლო კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს პირველი ადგილი, თითქმის, გარანტირებული ჰქონდათ.

მეგა ბასკეტმა მხოლოდ 4 ქულით იმარჯვა (76:72) და დროებით, მეორეზე გადავიდა.

ტური ვერასა და აფხაზეთის მატჩით დასრულდა. ვერელებს მოგების შემთხვევაში, მეორე ადგილი ერგებოდათ. საბოლოოდ, მათ 35 ქულით იმარჯვეს (103:68) და ფლეი-ოფში მეგა ბასკეტს შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ პირველ სამ გუნდს (კსუ, ვერა, მეგა ბასკეტი), თანაბარი 18-18 ქულა მოუგროვდათ, მაგრამ ურთიერთშეხვედრებმა პირველი ადგილი კსუს არგო.

ფლეი-ოფი 3 მარტს კსუსა და არენა-ორბის შეხვედრით დაიწყება. მატჩი 18:00 საათზე გაიმართება. 

19:45 საათზე ვერა მეგა ბასკეტს მიიღებს.

განმეორებითი შეხვედრები მეორე დღეს ისევ არენა-ორბისა და კსუს მატჩით გაიხსნება – 16:15 საათი.

ხოლო მეგა ბასკეტი და ვერა ისევ 19:45 საათზე ითამაშებენ. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები