სხვადასხვა

 2019/03/09 23:32

სხვადასხვა
თურქეთი უდიდეს სენსაციასთან ახლოს იყო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ჩინეთში მიმდინარე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე სათამაშო დღე მოულოდნელობებით სავსე იყო. 

სათამაშო დღე თავიდანვე საინტერესოდ დაიწყო. ფავორიტად მიჩნეულმა მონტენეგრომ ახალ ზელანდიასთან 83:93 წააგო და ჯგუფში ჩარჩა. მანამდე კი, ავსტრალიამ სენეგალი 81:68 დაამარცხა, რითაც მეორე გამარჯვება იზეიმა და ორი მოგება მოუგროვდა. 

გერმანიისა და დომინიკის რესპუბლიკის შეხვედრაში სენსაცია დაფიქსირდა. გერმანელებმა ფრანგებთან პირველი შეხვედრა წააგეს, ხოლო დომინიკელებმა იორდანიას სძლიეს. დენის შროდერი და კამპანია შეხვედრის უდავო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ მეტოქემ არაფერი დაუთმო და 70:68 დაამარცხა. შესაბამისად, გერმანია ჩარჩა, ხოლო დომინიკა საფრანგეთთან ერთად, მეორე რაუნდში ითამაშებს. „ლურჯებმა“ თავის მხრივ, იორდანიას უმარტივესად (103:64) მოუგეს.

ჩეხეთმა და ლიეტუვამ საკუთარი მატჩები მარტივად მოიგეს. პირველმა მათგანმა იაპონიას 89:76 მოუგო, ხოლო ლიეტუველებმა კანადას სძლიეს – 92:69. ბრაზილიისა და საბერძნეთის შეხვედრაში დიდი მოულოდნელობა მოხდა. ფავორიტად მიჩნეულმა ბერძნებმა პირველი ტაიმი 40:30 მოიგეს, მაგრამ მესამე მეოთხედი სრულად ჩააგდეს და 13:26 დათმეს. სკურტოპულოსის შეგირდები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ – 78:79. ბრაზილია შემდეგ ეტაპზეა, ხოლო მეორე საგზურისთვის საბერძნეთი და ახალი ზელანდია იბრძოლებენ.

დაბოლოს, დღის ყველაზე საინტერესო შეხვედრა. ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის წინააღმდეგ. გრეგ პოპოვიჩს ტურნირზე, უკანასკნელ წლებთან შედარებით, ყველაზე სუსტი გუნდი ჰყავს. შესაბამისად, მათთან ბრძოლა შესაძლებელია. თურქებმა ყველაფერი კარგად გააკეთეს, მოგებასთან ერთ ნაბიჯში იყვნენ, მაგრამ მარცხი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. აშშ დიდი დროის განმავლობაში ლიდერობდა და მეორე მეოთხედში სხვაობა 15 ქულამდეც გაიზარდა, მაგრამ თურქებმა ყველაფერი გააკეთეს და ჩამორჩენა შეამცირეს. მეტიც, უკანასკნელ წუთზე 2 ქულით წინაც გავიდნენ. შეხვედრის დასრულებამდე წამებიღა იყო დარჩენილი, როდესაც ტეიტუმმა გამოუვალი სიტუაციიდან ისროლა, ბურთი არ ჩავარდა, მაგრამ თურქებმა ჯარიმა აიღეს. ამერიკელმა 3 სროლიდან 2 გამოიყენა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა – 81:81.

დამატებულ 5-წუთეულში თურქები 5 ქულითაც გალიდერდნენ, მაგრამ მალევე მდევრის როლში აღმოჩნდნენ. უკანასკნელ წუთზე მოვლენები საინტერესოდ წარმართა. 14 წამით ადრე თურქები 92:91-ს იგებდნენ. ბურთი ამერიკელებს დარჩათ, მაგრამ მაილს თერნერმა დაკარგა და უმალვე ჯარიმა აიღეს. შეხვედრის არბიტრებმა ჯო ჰარისზე არასპორტული ჯარიმა დააფიქსირეს. ბალბაის ორი საჯარიმოს ტყორცნა მოუწია, რომლებიც ვერ ჩააგდო. ბურთის შემოტანის შემდეგ, უკვე ჩედი ოსმანზე დაჯარიმდნენ. მასაც ნერვებმა უმტყუვნა და ორივე სროლა გააფუჭა. საბოლოოდ, ამერიკელებმა ეს საჩუქარი შეირგეს. სწრაფ შეტევაში კრის მიდლტონზე დაჯარიმდნენ, ვინც ორივე სროლა გამოიყენა და აშშ-ს გამარჯვება მოუპოვა – 93:92. მარცხის შემდეგ, თურქები მეორე საგზურისთვის ჩეხებს დაუპირისპირდებიან. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები