TOP ჩემპიონატები

 2019/18/02 01:07

TOP ჩემპიონატები
თრილერი ელ კლასიკოში: ბარსელონამ უკანასკნელ წამს იმარჯვა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მადრიდში სეზონის საუკეთესო შეხვედრა გაიმართა. კოპა დელ რეის ფინალში ბარსელონა რეალს დაუპირისპირდა. მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოვიდა. სამწუხაროდ, ბოლო წუთებში მსაჯებმა ყველაფერი არიეს.

შეხვედრა, რომლის შესახებ მოყოლას აზრი არ აქვს – ეს უნდა გენახათ! პირველი ტაიმი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და ფრედ, 35:35 დასრულდა.

მადრიდელებმა დიდი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვეს. ბარსელონას სროლები არ მისდიოდა, რის გამოც რეალი 23:6 გაიქცა. კატალონიელებმა მიწურულს ჩამორჩენა 14 ქულამდე დაიყვანეს – 46:60, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ბარსელონამ დასკვნით მეოთხედში მეტოქე პერიმეტრიდან დაბომბა და ზედიზედ 4 სამიანი ჩაუგდო, რასაც 17:1 გაქცევა მოჰყვა. პესიჩის შეგირდები თამაშში დაბრუნდნენ. 

შეხვედრა ისევ ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. ბოლო წუთს კი, ბარსელონამ 3-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა. 5 წამით ადრე, კამპაცომ სამიანი ესროლა, ვერ ჩააგდო, მაგრამ ჯარიმა დაფიქსირდა. არგენტინელმა მხოლოდ ორი გამოიყენა. მადრიდელები უმალვე კლავერზე დაჯარიმდნენ, ვინც მხოლოდ ერთი ჩააგდო – 77:75. უკანასკნელ წამს კი, სერხიო ლული საჯარიმოში შევიდა და ულამაზესი სროლით, თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა – 77:77.

ოვერტაიმშიც თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. 40 წამით ადრე ტომიჩის ჩატენვით ბარსელონა 3 ქულით იგებდა, რასაც სინგლტონის ორი საჯარიმო მოჰყვა. ფაქტობრივად, გამარჯვებულის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა, რენდოლფმა სწრაფი სამიანი ჩააგდო. მადრიდელების კარგი დაცვის ფონზე, კატალონიელებმა ბურთი შორს გაიტანეს და ცარიელ ფართან დარჩენილ სინგლტონს „არ ჩააგდებინეს“. ფაქტია, არბიტრები შეცდნენ, რადგან რენდოლფმა მეტოქეს სახეში ჩაარტყა. ამას მადრიდელთა სწრაფი შეტევა ქეროლის ორი ქულა და ჯარიმა მოჰყვა. 4 წამით ადრე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და უკვე რეალი გალიდერდა. საბოლოოდ, ტომიჩის სროლა დაიბლოკა, მაგრამ მსაჯებმა მორიგი შეცდომა დაუშვეს და ეს ბურთი ჩათვალეს. ბარსელონამ 94:93 იმარჯვა და ესპანეთის თასს 25-ედ დაეუფლა.

თამაშის საუკეთესო მოთამაშედ გამარჯვებული გუნდის წევრი, ტომას ერტელი დაასახელეს. ფრანგმა მეოთხე მეოთხედში შესანიშნავად ითამაშა და 14 ქულა ჩააგდო, ხოლო ჯამში, 22 ქულა მოაგროვა. მადრიდელთა მხრიდან, 19 ქულით, ფაკუნდო კამპაცო გამოირჩა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები