ეროვნული ნაკრებები

 2018/13/12 02:22

ეროვნული ნაკრებები
თედო აბჟანდაძე: ვცადე, ემოციებს არ ავყოლოდი
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წელი მაჟორულ ნოტზე დაასრულა. ნოემბრის ტესტ სერიის პირველ მატჩში იტალიასთან მტკივნეული მარცხის შემდეგ, „ბორჯღალოსნებმა“, საკუთარ მოედანზე, ჯერ სამოა დაამარცხეს, შემდეგ კი, „ზღვის არწივებად“ წოდებულ ტონგას გაუმკლავდნენ და მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინში მე-13 ადგილამდე აღზევდნენ.

ამ შეხვედრებში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, დებიუტი ჰქონდა თედო აბჟანდაძეს. ქუთაისის აიას 19 წლის მგეზავმა შოტლანდიაში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი და მილტონ ჰეიგმა ეროვნულ გუნდშიც უხმო.  თედო სამოასა და ტონგას წინააღდმეგ, სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ. აღნიშნულ 2 შეხვედრაში მან 22 ქულას მოუყარა თავი და გუნდის შეტევებსაც კარგად წარმართავდა.

Sport24  თედოს დაუკავშირდა. მას ნოემბრის ტესტ სერიისა და სამომავლო გეგმების შესახებ ვესაუბრეთ.

  თედო, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს ნაკრების შემადგენლოში დებიუტს. მილტონ ჰეიგი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაკვირდებოდათ და ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშიც ხშირად ხვდებოდით. ამჯერად კი, ასეთი მნიშვნელობის შეხვედრა სასტარტოდან დაიწყეთ. რამდენად ელოდით მწვრთნელის ასეთ გადაწყვეტილებას?

  20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მუდმივად ვგრძნობდი ნაკრების მწვრთნელების მხრიდან ინტერესს. ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშიც ხშირად ვხვდებოდი, მაგრამ ისევ ჩემი პატარა ასაკის გამო ვერ მენდობოდნენ. სამოასთან შეხვედრამდე, შემადგენლობა რომ ვნახე, ძირითადში ვიყავი. ძალიან მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო, მაგრამ ვეცადე, ემოციებს არ ავყოლოდი, მოედანზე გავსულიყავი და ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმომეჩინა.

 ბევრი საუბრობდა, რომ ნაკრებში თქვენი გამოძახება ნაადრევი იყო, რადგან შეიძლებოდა, ფიზიკურად დაჩაგრულიყავით. თუმცა, ორივე შეხვედრაში გამორჩეული იყავით მოედანზე და ნაკრების გამარჯვებაშიც ლომის წვლილი შეიტანეთ. თავად როგორ შეაფასებთ საკუთარ თამაშს?

 რამდენად კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით? ამაზე პასუხი გამიჭირდება. მხოლოდ იმას ვასრულებ, რაც მოედანზე მევალება. როგორ გამომდის, მწვრთნელებისა და გულშემატკივრების გადასაწყვეტია.

 ნოემბრის ტესტებზე მთლიანად ნაკრების გამოსვლას როგორ შეაფასებთ?

 იტალიასთან ძალიან მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ. ამ თამაშში დავინახეთ, რომ ასეთი დონის გუნდების დასამარცხებლად,  ე.წ. „უნებლიე შეცდომები“ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და მაღალ ტემპში თამაშსაც უნდა მივეჩვიოთ. თანამედროვე რაგბი ძალიან დინამიკური გახდა, მაგრამ ეს ყველაფერი მარტივად არ მოდის. განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ასეთი დონის გუნდებთან მეტი ტესტ მატჩის გამართვა. სამოასთან და ტონგასთან კი, ის თამაში ვაჩვენეთ, რაშიც ძალიან ძლიერები ვართ – დაბალანსებული თამაში, შერკინებასა და უკანა ხაზს შორის, რამაც განაპირობა კიდეც გამარჯვება.

საბოლოოდ, სერიაში 3-დან 2 მატჩი მოვიგეთ და აღნიშნული სერია მაინც დადებითად უნდა შეფასდეს.

 საქართველოს ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი უკვე დაწყებულია და ამ შეხვედრებში ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე მოთაშეს მოგეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სამოელებთან კი, ფაქტობრივად, თქვენ გადაწყვიტეთ მატჩის ბედი.

 ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან მტკივნეულია თაობათა ცვლის პროცესი და შედეგებზეც მოქმედებს ხოლმე. მილტონ ჰეიგი კი, ამ პროცესს ეტაპობრივად ახორციელებს, რაც შედეგზე მაინცდამაინც არ აისახება.

მე, გურამ გოგიჩაიშვილი და ბექა გიგაშვილი პირველ მატჩს ვატარებდით ეროვნულ გუნდში და განსაკუთრებული მოტივაცია გვქონდა. ასევე, აუცილებლად უნდა აღნიშნო ილია მაისურაძე, რომელმაც ახალგაზრდულ გუნდში კარგად შეგვათამაშა და უკვე უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს.

 საქართველოს ნაკრები მეორე ნახევარს ყოველთვის გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე პირველს. ამას როგორ ახსნით. თავიდანვე თამაშში შესვლა გვიჭირს?

 მეორე ტაიმში უფრო მობილიზებულები გამოვდივართ მოედანზე, რადგან ვაცნობიერებთ, რას ნიშნავს ჩვენთვის და ქართველი გულშემატკივრებისთვის გამარჯვება.

 2019 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელზეც თქვენ  მესამედ მიიღებთ მონაწილეობას, საქართველო „სიკვდილის ჯგუფში“ მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია იქნებიან. თქვენ როგორ შეაფასებთ წილისყრას?

 რაც ამ ტურნირს ვთამაშობთ, არ გვიმართლებს და მუდმივად ასეთ რთულ ჯგუფში ვხვდებით, მაგრამ როგორც ყოველთვის, შევეცდებით, ჩვენი სათქმელი ვთქვათ ამ მსოფლიოზეც.

მთავარი მიზანი წელსაც ელიტარულ თორმეტ გუნდში ადგილის შენარჩუნებაა.

 ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია შანსი, 2019 წელს იაპონიის მსოფლიო თასზე გუნდის შემადგენლობაში მოხვდეთ და რაგბის უმთავრეს ფორუმზე ითამაშოთ?

 მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ნებისმიერი სპორტსმენის ოცნებაა და არც მე ვარ გამონაკლისი. მუდმივად ვცდილობ განვითარებას და ყველაფერს გავეკეთებ ნაკრებში თავის დასამკვიდრებლად. დანარჩენი უკვე მწვრთნელზეა დამოკიდებული. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები