ჩოგბურთი

 2018/25/10 18:55

ჩოგბურთი
თეთრ ჯგუფში ორივე ნახევარფინალისტი გამოვლინდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დღეს, სინგაპურში მიმდინარე ქალთა შემაჯამებელი ტურნირის თეთრი ჯგუფის დასკვნითი შეხვედრები ჩატარდა. 

პირველ დაპირისპირებაში, ერთი ქულის მფლობელი, კაროლინა პლიშკოვა, უქულოდ მყოფ პეტრა კვიტოვას შეხვდა. ფაქტია, მოგება მხოლოდ პლიშკოვას ესაჭიროებოდა, შესაბამისად, შეხვედრაც მისი უპირატესობით წარიმართა. 

პლიშკოვა პირველ სეტში ორი ბრეიქით დაწინაურდა და 4:0-ს იგებდა, მაგრამ კვიტოვამ ერთი უკუბრეიქი მალევე გაახერხა. კაროლინამ დარჩენილი ჩაწოდებები შეინარჩუნა და დაწინაურდა – 6:3.

მეორე სეტი უკეთ პეტრამ დაიწყო და ბრეიქის ხარჯზე, 3:0 გალიდერდა. მაგრამ დარჩენილი საკუთარი 3 ჩაწოდება დათმო და გამარჯვება მის თანამემამულეს დარჩა – 4:6.

მეორე შეხვედრას უფრო დიდი ინტერესი და დატვირთვა ჰქონდა. მოქმედი ჩემპიონი, კაროლინ ვოზნიაცკი, ელინა სვიტოლინას დაუპირისპირდა. დანიელს ერთი ქულა ჰქონდა და მხოლოდ 2:0-ის მოგება ესაჭიროებოდა, ხოლო უკრაინელი 2 ქულით იყო და 1 სეტის მოგებაც საკმარისი იქნებოდა.

ვოზნიაცკისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. მე-11 გეიმში დააბრეიქა, რასაც საკუთარი ჩაწოდებაც მიაყოლა და მიზანს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა – 7:5.

მეორე სეტშიც პირველი ბრეიქი მან განახორციელა, მაგრამ მომდევნო გეიმში უკრაინელმა უკუბრეიქი გააკეთა. გარდამტეხი მე-12 გეიმი იყო. დანიელის ჩაწოდებაზე სვიტოლინას 5 სეტ ფოინთი ჰქონდა და ბოლოს გამოყენების ხარჯზე, ანგარიში გაათანაბრა (7:5), რითაც ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა. 

მესამე სეტს აღარანაირი მნიშვნელობა ჰქონდა და სვიტოლინამ შეხვედრა ერთადერთი ბრეიქით მოიგო – 6:3.

ამ გამარჯვებით, უკრაინელს 3 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზე გავიდა. მეორე პოზიცია კაროლინა პლიშკოვას ერგო. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები