ეროვნული ნაკრებები

 2019/30/07 17:30

ეროვნული ნაკრებები
18-წლამდელებმა უკრაინა დაამარცხეს და ფლეი-ოფს მიუახლოვდნენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს 18-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები ფლეი-ოფში თამაშთან ახლოსაა. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჩვენმა ბიჭებმა უშუალო კონკურენტი უკრაინა დამაჯერებლად დაამარცხეს – 85:73.

როგორც აქამდე, პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ფრედ დასრულდა. უკრაინამ საწყისი მეოთხედი 19:16 მოიგო, ხოლო ტაიმი 37:37 დასრულდა. ყველაფერი მესამე ათწუთეულში გადაწყდა, რომელიც 10 ქულით მოვიგეთ (27:17) და დასკვნით მეოთხედში უპირატესობა განვიმტკიცეთ – 85:73.

ნაკრებიდან საუკეთესო, 24 ქულით, რატი ანდრონიკაშვილი იყო. 12 ქულა ვლადიმერ თავაქარაშვილმა ჩააგდო, ხოლო ორმაგი დუბლი ანზორ ნადირაძემ შეასრულა – 11 ქულა, 10 მოხსნა. 

ოთხი ტურის შემდეგ ცხრილში შემდეგნაირი მდგომარეობაა: ჩრდ. მაკედონია 4 მოგებით ლიდერობს, მეორე პოზიცია, 3 მოგებითა და 1 მარცხით, ჩვენ გვიკავია. მე-3 და მე-4 ადგილებს ირლანდია-უკრაინა 2 მოგებითა და ამდენივე მარცხით ინაწილებენ. 

ჩრდ. მაკედონია უკვე გასულია. გასათამაშებელი მეორე საგზურია, რისთვისაც ეს სამი ნაკრები იბრძვის. საქართველო შედარებით კარგ პოზიციაშია, თუმცა, ჩვენი მორიგი მეტოქე სწორედ უშუალო კონკურენტი ირლანდია იქნება და მარცხის შემთხვევაში, დასათვლელი ქულათა შეფარდება იქნება. ამასთან, უკრაინა ბოლოადგილოსან სლოვაკეთს ეთამაშება, რომელსაც 35 ქულით მოვუგეთ. ამ დროისთვის, ჩვენი შეფარდება +84-ს შეადგენს, ირლანდიის +28-ს, ხოლო უკრაინის +19-ია. 

აქედან გამომდინარე, უკრაინამ სლოვაკეთი „მიწასთან უნდა გაასწოროს“, რისი შანსიც ძალიან დაბალია, ხოლო ირლანდიამ 29 ქულით უნდა მოგვიგოს. შესაბამისად, ჩვენს ნაკრებს შემდეგ ეტაპზე გასვლის ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს. ჯგუფის უკანასკნელი შეხვედრა 31 ივლისს, 17:15 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები