ეროვნული ნაკრებები

 2019/20/07 21:32

ეროვნული ნაკრებები
16-წლამდელებმა შეხვედრა შემოატრიალეს და ფინალში გავიდნენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ სვლას აგრძელებს. ჯგუფურ ეტაპზე მოგებული ორი შეხვედრის შემდეგ, ფლეი-ოფის ნახევარფინალში შოტლანდიის ასაკობრივი ნაკრები დავამარცხეთ და ფინალში გავედით.

მაგრამ ყველაფერი ძალიან რთულად წარიმართა და წაგებას ბეწვზე გადავურჩით. ფაქტია, ნაკრებმა საკუთარი თამაში ვერ აჩვენა და სუსტ მეტოქესთან ბრძოლა გაუჭირდა. ასეთი ვითარების მთავარი განმაპირობებელი 50 დაკარგვა იყო, როდესაც მეტოქეს 24 ჰქონდა. ამასთან, შოტლანდიელები აქცენტს პერიმეტრზე აკეთებდნენ და 30 მცდელობიდან 7 ბურთი ჩაგვიგდეს, ხოლო ჩვენებმა სულ 7 ისროლეს და 2 გამოიყენეს. 

ამას ისიც დაემატა, რომ ბოლო ორ თამაშში ნაკრების უდავო ლიდერმა, კესო ბარბაქაძემ პირველ ტაიმში 4 პერსონალური მიიღო და აგრესიულად ვერ თამაშობდა. შესაბამისად, პირველი ნახევარი 24:26 დავთმეთ. დიდი შესვენების შემდეგ კარგი დასაწყისი გამოგვივიდა და 11:1 გაქცევა განვახორციელეთ, მაგრამ მეტოქე თამაშში მალევე დაბრუნდა და ანგარიში გაათანაბრა. მეოთხედის მიწურულს ისევ წინ გავიჭერით და 46:40 დავწინაურდით.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა შოტლანდიამ სიუპრიზი შემოგვთავაზა და ლიდერობა დაიბრუნა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 53:58 ვაგებდით და რთულ ვითარებაში ავღმოვჩნდით. დიდი შემართებისა და დროული წუთშესვენების ფონზე, ორწუთნახევარში 12:0 გავიქეცით და 7-ქულიანი უპირატესობა მოვიპოვეთ. მეტოქემ მაქსიმუმი გააკეთა და სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანა, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა – 63:65.

პერსონალური ჯარიმებით დატვირთვის მიუხედავად, კესო ბარბაქაძემ მაინც საუცხოო თამაში აჩვენა და 17 ქულასთან ერთად, 18 მოხსნაც მოაგროვა. 15 ქულა თამარ პაპუაშვილის ანგარიშზეა, ხოლო ნონა ცომაიამ 12 ქულა ჩააგდო. 

პირველობისთვისა და B დივიზიონში აღსაზევებლად ჩვენი მეტოქე კვიპროსის გუნდი იქნება, რომელმაც მასპინძელი მოლდოვა 80:37 გაანადგურა. შეხვედრა 21 ივლისს, 19:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები