ეროვნული ნაკრებები

 2019/27/08 21:13

ეროვნული ნაკრებები
10 წუთში შემოტრიალებული თამაში და საქართველოს ბრწყინვალე გამარჯვება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიც საკუთარ მოედანზე სამხრეთაფრიკულ საუზერნ ქინგსს უმასპინძლა და დასკვნით ათ წუთში ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე, 24:20 დაამარცხა. 

საქართველოს ნაკრებმა დღევანდელი შეხვედრა ძალიან ექსპერიმენტული შემადგენლობით ჩაატარა. მილტონ ჰეიგმა ძირითადში იმ მოთამაშეებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომელთა იაპონიაში წაყვანაც, ჯერჯერობით, საეჭვოა. 

შეხვედრა ჩვენი გუნდისთვის ძალიან ცუდად დაიწყო. არასწორად მოწოდებული დერეფნის შემდეგ, აფრიკელებმა კარგად შემოგვიტიეს და რაქში დაგვაჯარიმეს. საჯარიმო დარტყმა საუზერნ ქინგსის მგეზავმა, დიმიტრი კატრაკილისმა, კარგად შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა. მალევე, ისევ ანალოგიური შეცდომა დავუშვით. ვანო კარკაძემ ჩვენს ხუთმეტრიანში ბოლო კაცზე მოაწოდა აუტი, რომელიც ლომიძემ ვერ დაიჭირა და ბურთი მეტოქეს ჩაუვარდა. საუზერნ ქინგსის უკანახაზელებმა ბურთი ხაზზე ბოლომდე ჩაათამაშეს და საბოლოოდ, მათმა მეცამეტე ნომერმა სბურა სიტოლემ დაგვალელოვა. კატრაკილისის გარდასახვა კვლავ ზუსტია. ლელოს გარდა, ამ ეპიზოდში საქართველოს ნაკრებისთვის გაცილებით ცუდი რამ მოხდა. კონტაქტის დროს, ტრავმა მიიღო და მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო გიორგი ცუცქირიძემ. დაახლოებით ხუთ წუთში კი, ჩვენი გუნდის კაპიტანი და ლიდერი მერაბ შარიქაძეც გამოგვაკლდა. 

მატჩის 23-ე წუთზე პირველ ტაიმში  ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უიშვიათესი შეტევა განვახორციელეთ. მოედნის ცენტრში რამდენიმეფაზიანი ძალისმიერი მიძალების შემდეგ, ლაშა ხმალაძემ ბურთი ფეხით შეაცურა, რომელზეც ყველას გიორგი აფციაურმა დაასწრო და დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების პირველი ლელო დაამიწა. 

ლელოს შემდეგ, თითქოს, თამაში ჩვენი კარნახით მიდიოდა და უპირატესობაც მოვიპოვეთ, მაგრამ ლელო მაინც გავუშვით. დიმიტრი კატრაკილის ფლანგზე იდეალურად გადაკიდებული ბურთი, რომლის დროსაც, მირიან მოდებაძე პოზიციურად შეცდა და კრისტიან ამბადიანგმა დაგვალელოვა. 

მეორე ნახევარში ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. განსაკუთრებით, გელა აფრასიძის და ლევან ჩილაჩავას გამოსვლა უნდა აღვნიშნოთ, რომელმაც თამაში ნამდვილად გაამწვავა, მაგრამ დღევანდელ მატჩში ჩვენი გუნდის შეტევებს ფანტაზია აკლდა. ამის მიუხედავად, ლელოს დადება მაინც მოვახერხეთ. მეტოქის საჯარიმოში ათწუთიანი შერკინება-შერკინიბის შედეგად, გიორგი მელიქიძემ გადადო ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში. 

ბოლო ათ წუთში ბოლოს და ბოლოს შევძელით ის, რასაც მთელი მატჩის განმავლობაში ვცდილობდით. საქართველოს ნაკრებმა თავისებური ძალისმიერი თამაში შესთავაზა მეტოქეს, რომლის გასაჩერებლადაც აფრიკელები მზად არ აღმოჩნდნენ. ისევ ჩვენი პირველხაზელთა ბრწყინვალე გარჯა შერკინებაში, რომელიც მეტოქემ რამდენჯერმე ჩააქცია  და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა საჯარიმო ლელო ჩათვალა 17:20. ყველაფერი არც ამით დასრულებულა. ამჯერად, ბოლო კაცზე იდეალურად მოწოდებული დერეფანი. ხაზზე იდეალურად ჩათამაშებული კომბინაცია და შალვა სუთიაშვილის გადამწყვეტი ლელო. გარდასახვა ზუსტად ლაშა მალაღურაძემ შეასრულა.

საბოლოოდ, 24:20  და საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პირველ მატჩში სამხრეთაფრიკულ საუზერნ ქინგსი მძიმე ბრძოლაში ბოლო წუთებზე დაამარცხა. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები