ასაკობრივი ნაკრები

 2019/12/06 19:50

ასაკობრივი ნაკრები
„უმცროსი ბორჯღალოსნების“ ქამბექი და პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე
ავტორი
ტატო ნიკურაძე

„უმცროსი ბორჯღალოსნების“  საოცარი ქამბექი და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი გამარჯვება. არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ილია მაისურაძის, ლადო კილასონიას და ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა შოტლანდია ძალიან მძიმე ბრძოლაში, ბოლო 20 წუთში, 17:12 დაამარცხეს. 

საქართველომ მატჩი საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით დაიწყო. მიმდინარე ტურნირზე, პირველად, ნახევარდაცვის ხაზში თამაში გიორგი მარგალიტაძემ და სანდრო მარგიანმა დაიწყეს.  ამ მორაგბეებს ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებიათ, მაგრამ ნათლად ჩანდა, რომ მათ მსგავსი მნიშვნელობის მატჩების გამოცდილება აკლიათ. მატჩი ჩვენი გუნდისთვის ცუდად დაიწყო. დაჩი პაპუნაშვილის საწყისი დარტყმა პირდაპირ აუტში გადავიდა, რის გამოც, მოედნის ცენტრში შოტლანდიელთა შერკინება დაინიშნა.  „სკოტებმა“ შერკინებიდან ბურთი უმალვე გაითამაშეს, ჩვენს ხუთ მეტრიანში შემოვიდნენ და ლელოც დაგვიდეს, მაგრამ მსაჯმა  ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება ვერ დააფიქსირა და ლელო გააუქმა. თუმცა, შოტლანდიელებმა მაინც დაგვალელოვეს. მოგებული დერეფნის შემდეგ, მათ კარგი მოლი შეკრეს, რომელსაც შოტლანდიელების კვაჭი ეშმანი კარგად მოწყდა და მატჩის პირველი ლელო დაამიწა. ტომპსონმა ზუსტად გარდასახა (0:7).

გაშვებული ლელოს შემდეგ, მატჩი საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა.  „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“  მოახერხეს მეტოქის ძალისმიერ თამაშში ჩათრევა და  მორკინალები მძლავრი კონტაქტებით კარგ მანძილსაც იგებდნენ, მაგრამ ჩვენი შეტევები უფანტაზიო იყო და მეტოქის დაცვა მათ მოგერიებას უპრობლემოდ ახერხებდა. 

მეორე ნახევარში  ჩვენი გუნდის მწვრთნელებმა შემადგენლობის სრული როტაცია მოახდინეს. მოედანზე გუნდის ლიდერები შემოვიდნენ, რომლებმაც საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი გახადეს. ჩვენი გუნდის კაპიტანმა, თედო აბჟანდაძემ,  ჯერ შერკინების მიერ მოპოვებული ჯარიმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით სამ ქულად გარდასახა, შემდეგ კი, ლელო და ზუსტი გარდასახვაც მიაყოლა.  თედო აბჟანდაძის ლელო 

ამის შემდეგ, მატჩის სცენარი არ შეცვლილა. საქართველო ისევ დიდი ძალებით უტევდა, მაგრამ ძალიან ბევრ ბავშვურ შეცდომას ვუშვებდით, რასაც უფრო მაღალი კლასის გუნდი არ გვაპატიებს. პრინციპში, არც შოტლანდიელებმა გვაპატიეს და ეშმანმა მეორედ დაგვალელოვა. აბსოლუტური კატასტროფა ხდებოდა ჩვენს დერეფანში. მაგრამ მაშინ, როდესაც დერეფანში ჩვენი გუნდის უსახურ თამაშს მივტიროდით, შოტლანდიელებმა საკუთარ ხუთმეტრიანში დერეფნიდან მოწოდებული ბურთი პირდაპირ ლუკა ნიორაძეს ჩაუგდეს ხელში და საქართველოს ნაკრების კვაჭმაც ეს საჩუქარი კარგად შეირგო. 

დარჩენილ დროში შოტლანდიელებს ერთი ძალიან სახიფათო კონტრშეტევა ჰქონდათ და ხაზიც გაგვიჭრეს, მაგრამ პაატა ბურჭულაძემ იყოჩაღა და ჩვენი გუნდი აშკარა ლელოსგან იხსნა. 

საბოლოოდ, 17:12 საქართველოს სასარგებლოდ და „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს. 

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა და ფლეი-ოფში მე-9-მე-12 ადგილებისთვის იბრძოლებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები