ეროვნული ლიგა

 2018/17/10 20:49

ეროვნული ლიგა
„ქუთაისის ქარმა“ თბილისელებს აწყინა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ტორპედო - ლოკომოტივი 3:1 

ქუთაისი. რამაზ შენგელია

1:0 კაპანაძე (4) 2:0 კაპანაძე (8) 3:0 ქიმაძე (10) 3:1 შონია (77) 

ტორპედო: ქვილითაია, ხურცილავა, კობახიძე (70. გრძელიძე), აზაცკი, მარინი, გიგაური, ცინცაძე, დაფე (57. კუხიანიძე), ქიმაძე (67. დოლიძე), კუტალია, კაპანაძე (82. ჰლინკა).  

ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე, ქურდაძე, შონია, კომახიძე, ძებნიაური, გვალია, ჯონი (46. გავაშელიშვილი), არდაზიშვილი, ჯიქია (84. ოზბეთელაშვილი). 

ქუთაისის ტორპედო ტრიუმფალურ სვლას აგრძელებს. ქუთაისელებს ეროვნულ ლიგაში  23 ივნისის საბურთალოსთან მარცხის შემდეგ, არ წაუგიათ. დღეს, ეროვნული ლიგის 21-ე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ქუთაისის ტორპედომ თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, ქუთაისში მცირე ნიავი, „ქუთაისური სიო“ უბერავდა, რომელმაც, როგორც ჩანს, თბილისელ ფეხბურთელებზე ცუდად იმოქმედა. მატჩი კახაბერ ჩხეტიანის გუნდის დიდი უპირატესობით დაიწყო და საწყის წუთებშივე შეძლეს სამი ქულის მოპოვება.  თორნიკე კაპანაძის დუბლითა და გიორგი ქიმაძის გოლებით, ტორპედო, უკვე მე-10 წუთზე, 3:0-ს იგებდა. 

ამის შემდეგ, ქუთაისელები შედარებით დაწყნარდნენ და განსაკუთრებული ძალისხმევით აღარ უტევდნენ, ლოკომოტივი კი, პრაქტიკულად, ვერაფერს ქმნიდა. ლოკომოტივმა ერთადერთი გოლის გაქვითვა შეხვედრის 77-ე წუთზე მოახერხა. გიორგი გაბაძის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, საჯარიმოში ყველას თეიმურაზ შონიამ დაასწრო და უზუსტესი თავური დარტყმით, ქუთაისელებს შვიდმატჩიანი მშრალი სერია შეუწყვიტა. 

საბოლოოდ, 3:1 „ქუთათურთა“ სასარგებლოდ და ტორპედო  უშუალო კონკურენტს, გორის დილას, ერთი ქულით მიუახლოვდა, მაგრამ ისიც  გასათვალისწინებელია, რომ გორელებთან შედარებით, ტორპედოს ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები