იტალია

 2018/09/05 08:09

იტალია
„დიდი იტალიური დერბი“ – „ღმერთები“ მილანს არ სწყალობენ
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

დღეს, 9 მაისს, იტალიის თასის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს, ორი ტიტულოვანი კლუბი, იუვენტუსი და მილანი დაუპირისპირდებიან. 2017-2018 წლების სეზონით თუ ვიმსჯელებთ, „ღმერთები“ ტურინელებს უფრო სწყალობენ, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ როსონერი არაფრის დათმობას აპირებს. 

სერია ა თითქმის დასრულებულია და მარტივად შეიძლება თქმა, რომ მასიმილიანო ალეგრის „ბებერი ქალბატონები“ წელსაც დაეუფლებიან სკუდეტოს. 36 ტურის შემდეგ, შავ-თეთრების მონაგარი 91 ქულაა და მეორეადგილოსან ნაპოლის 6 ქულით უსწრებენ. აღსანიშნავია, რომ „სან-პაოლოს“ ბინადრებმა საჩემპიონო ბრძოლაში ბოლომდე ვერ გაძლეს და პირველობა ისევ „იუვენტუს არენას“ მკვიდრებს გადაულოცეს. 

რაც შეეხება ლომბარდიულ გრანდს. ფაქტია, გატუზოს ფორმაციის შავ-წითლები მოფერიანდნენ და თასის ფინალში გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი მეტოქე აპენინზე უძლეველი კლუბია, მიზანი, მხოლოდ გამარჯვება და ძველი დიდების მოპოვება იქნება. აქვე გეტყვით, რომ ჩრდილოეთ იტალიელები სერია ა-ში წელსაც ვერ ბრწყინავენ. ნაპოლისა არ იყოს,  ეშმაკებიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, ბოლომდე იბრძოდნენ, თუმცა, მიზანი ყოველთვის ვერ ამართლებს საშუალებას და „სან სიროს“ წარმომადგენლებმა სეზონში ისეთ გუნდებთან წააგეს, როგორიც ბენევენტო და ათეულს მიღმა მყოფნი არიან. 

ჩემპიონთა ლიგაზე კრახით დასრულებული გამოსვლის შემდეგ, ალეგრიმ მთელი ყურადღება სკუდეტოსა და თასის მოგებაზე გადაიტანა. ბიანკონერის წარმომადგენლები საფინალო დაპირისპირებას კარგა ხანია ელიან. მათ ბანაკში ყველაფერი რიგზეა და „დიდი იტალიური დერბისთვის“ სრული შემადგენლობით ვარჯიშობენ. 

პრობლემები აქვს მილანს, რომელსაც ახალგაზრდა კონტი და რომანიოლი ვერ დაეხმარებიან. ჩინელი მფლობელის მიზანი, 15 წლიანი პაუზის შემდეგ, იტალიის თასის მოგებაა. 230 მილიონის დახარჯვის მიუხედავად, აზიელებს, ჯერჯერობით, შედეგი არა აქვთ. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ჯენარომ ფეხბურთელებს ბრძოლის უნარი და გამარჯვების მოპოვების ამბიცია შესძინა. რასაც რომანიოლის სიტყვებიც მოწმობს: „კლუბი მიძინებული იყო და ყველაფრის ხალისი ჰქონდა დაკარგული. მას შემდეგ, რაც გატუზო მილანში მოვიდა, ყველა ფეხბურთელი შეცვლილია. რინომ მითხრა, რომ მოხუცი კაცის შეხედულება მქონდა და ფორმიდან ვიყავი ამოვარდნილი. ამ სიტყვების შემდეგ, ინტენსიური ვარჯიში დავიწყე და ჩემში ბევრმა დადებითმა თვისებამ იჩინა თავი“. 

მიუხედავად იმისა, რომ იტალიელ სპეციალისტს ხშირად აკრიტიკებენ, შეტევის ხაზის გამო, უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელის მოსვლის შემდეგ, თურქმა  ჰაკან ჩალჰანოღლუმ თამაშს უმატა და 42 შეხვედრაში 7 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ტურინელებმა მოწინააღმდეგეს 2 შეხვედრიდან ორივე მოუგეს და მათ ხარჯზე 6 ქულა დააგროვეს. მანამ, სანამ როსონერი ძველ დიდებას დაიბრუნებს, გეტყვით, რომ ჰერბერტ კილპინისა და ალფრედ ედვარდსის მიერ დაარსებულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგა ბოლოს, 11 წლის წინ მოიგო, ხოლო იტალიის ჩემპიონი 7 წელია არ გამხდარა. სტატისტიკისთვის დავძენ, რომ იუვენტუსს იტალიის თასი ზედიზედ 3-ჯერ აქვს მოგებული და დიდი ალბათობით, ფეხბურთელები, დღეს, ტურინის ვიწრო ქუჩებში თასის მეოთხედ ჩატანას შეეცდებიან. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები