ეროვნული ნაკრებები

 2019/09/02 18:21

ეროვნული ნაკრებები
„ბორჯღალოსნებმა“ 2019 წელი მოგებით დაიწყეს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს მორაგბეთა  ნაკრებმა 2019 წელი მოგებით დაიწყო – რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, მილტონ ჰეიგის გუნდმა რუმინეთი კლუჟში 18:9 დაამარცხა  და მეთორმეტედ მოიპოვა რუმინეთთან საზიარო ანთიმოზ ივერიელის თასი. 

პირველი ნახევარი საკმაოდ მძიმედ წარიმართა და სანახაობრივი თვალსაზრისით მოსაწყენი გამოდგა. კვლავ არადამაჯერებელი იყო საქართველოს ნაკრების თამაში დერეფანში. ასევე,  ჩვენი მორკინალები საკმაოდ აგვიანებდნენ გადაყრაზე თამაშს და რუმინელები რაქში ბურთს ხშირად გვიჭედავდნენ. 

პირველ ნახევარში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს. ფლორინ ვლაიკუს ორ ჯარიმას,  ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმით თედო აბჟანდაძემ უპასუხა – 3:6, ტაიმი რუმინეთმა მოიგო.

მეორე ნახევარში, ტრადიციულად, საქართველოს ნაკრებმა ძალიან მოუმატა. დიდი უპირატესობა გვქონდა შერკინებაშიც და მალევე დავწინაურდით.  მოედნის ცენტრში ვასკა ლობჟანიძემ რაქიდან ბურთი დროულად გაიტანა ხაზზე.  გიორგი აფციაურმა ხაზი კარგად გაჭრა და რუმინელთა ხუთ მეტრიანსაც უწია. შემდეგ, მასპინძელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ვალენტინ კალაფეტიანუმ  საქართველოს ნაკრების მორაგბე თამაშგარე მდგომარეობიდან შებოჭა, რისთვისაც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ საჯარიმო ლელო ჩათვალა. ვალენტინ კალაფეტიანუ კი, რომელიც დღეს რუმინელთა  შემადგენლობაში მე-100 შეხვედრას ატარებდა, მოედნიდან გაასინბინა.  

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ საქართველოს ნაკრების ძალიან კარგი თამაში დაცვაში. ჩვენი უკანახაზელები მთელი მატჩის განმავლობაში, პრაქტიკულად უშეცდომოდ მოქმედებდნენ და ერთმანეთსაც ძალიან კარგად აზღვევდნენ. 

საქართველოს ნაკრების მეორე ლელო ნამდვილი შედევრი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ბექა გორგაძემ ორი დამცველი „გადათელა“ და ბურთი რუმინელთა ჩათვლის მოედანში „გადადო“.  

დარჩენილ დროში რუმინელებმა მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხეს, რომელიც ფლორინ ვლაიკუს ანგარიშზეა. თედო აბჟანდაძემ კი, ბოლო წამებზე, მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა –18:9 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. 

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები