სუმო

 2019/02/03 13:35

სუმო
გაგამარუ: ქართველი გულშემატკივრის გახარება ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია (ექსკლუზივი)
ავტორი
ტატო ნიკურაძე

2019 წლის სუმოს მეორე სუპერ ტურნირის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ჰარუ ბაშო სტარტს 10 მარტს აიღებს. აღნიშნულ ბაშოს, ქართველი სეკიტორები (მებრძოლთა ელიტური ფენა) დაწინაურებულნი ხვდებიან. ჰაცუ ბაშოზე დაფიქსირებული კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) შემდეგ, გაგამარუ განახლებულ ბანძუკეში 6 საფეხურით დაწინაურდა და მარტის ბაშოზე ჯურიუს მერვე ნომრად იქნება განთესილი. რაც შეეხება ტოჩინოშინს, იოკოძუნა კისენოსატოს სუმოდან წასვლის შემდეგ, მან დასავლეთის ოძეკობიდან, აღმოსავლეთის ოძეკად გადაინაცვლა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ლევან გორგაძეს წინა ბაშოზე ასპარეზობის ნაადრევად შეწყვეტის გამო, მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) დაუფიქსირდა და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად, ჰარუ ბაშოზე 8 ორთაბრძოლის მოგება მართებს. 

Sport24   გაგამარუს იაპონიაში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. 

 გაგა, უპირველეს ყოვლისა, თქვენს ფორმასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გკითხავთ. ჰარუ ბაშოს დაწყებამდე ძალიან მცირე დროა დარჩენილი და როგორ ფორმაში ხვდებით ტურნირს? 

– ჯანმრთელობის მხრივ, ყველაფერი კარგადაა. მუხლის ქრონიკული დაავადება კვლავ მაწუხებს და წყალს ვიღებ.  საბედნიეროდ, სხვა რაიმე სახის გართულება არ არის და ნორმალურ ფორმაში ვხვდები მოახლოებულ ტურნირს. 

ყველა რიკიშის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსის) დაფიქსირებაა და ვეცდები, ისეთი ბალანსი მქონდეს, რომ მომდევნო ბაშოს კიდევ უფრო დაწინაურებული შევხვდე რეიტინგში. ჩემი მიზანი ქართველი გულშემატკივრის გახარება და უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაა.

–  როგორც ახსენეთ, უმთავრესი მიზანი მაკუუჩი დივიზიონში დაბრუნებაა და მიმდინარე ბაშოზე რამდენად რეალურია ამის შანსი? 

– მიმდინარე ბაშოზე მერვე ნომრად ვარ განთესილი და უმაღლეს დივიზიონში გადასვლის შანსი ძალიან  მცირეა. ბოლო დროს, ქართველი ხალხისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას, სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ. იყო დრო, როდესაც  სუმოდან წასვლა 99 %-ით მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ქართველი გულშემატკივრის მიერ გამოხატული ამ სითბოსა და სიყვარულის შემდეგ, უფრო დიდი მოტივაციით დავიწყე ვარჯიში. ძალიან მინდა, ისევ დავბრუნდე მაკუუჩიში და დიდი ბედნიერება მოვუტანო ამ ადამიანთა გულებს. 

 ქართველი გულშემატკივრების მხრიდან სუმოს მიმართ ინტერესი მხოლოდ ლევან გორგაძის წარმატების შემდეგ დაიწყო. მანამდე, საქართველოში მაინცდამაინც არ ინეტერესდებოდნენ სპორტის ამ სახეობით. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით, გული ხომ არ გწყდებათ?

– ეს ჩვენი ბრალი უფროა, ვიდრე გულშემატკივრების. ალბათ, აქამდე ვერ შევძელით, რომ სუმოთი დაგვეინტერესებინა ქართველი ხალხი. რაც შეეხება ლევან გორგაძეს, ამ ადამიანმა სასწაული გააკეთა. მთელ საქართველოს შეაყვარა ეს სპორტი და ზოგიერთმა გულშემატკივარმა უკვე ჩემზე კარგადაც კი იცის სუმოს ტერმინები. 

მათი დამსახურებაა დღეს მე რომ ვჭიდაობ და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ქართველი გულშემატკივრის გახარება ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია. 

 ლევან გორგაძე ვახსენეთ და მის შესახებაც გკითხავთ. ძალიან მძიმე ტრავმა ჰქონდა და ამჟამად როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? 

– ტრავმის გამო, მას დიდი პერიოდი გაუცდა და ვერ ახერხებდა ვარჯიშს. მასთან ხშირად ვსაუბრობ და ვიცი, რომ ტრავმა სრულად არ აქვს მოშუშებული, მაგრამ ისეთი ძლიერი პიროვნებაა, რომ დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გამოვა ჰარუ ბაშოზე და ქართველ ხალხს  მორიგ სიხარულს მიანიჭებს.  

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები